გაერთიანებულ სამეფოს ინდური წარმოშობის პრემიერ-მინისტრი ჰყავს

გაერთიანებული სამეფოს პირველი ფერადკანიანი პრემიერ-მინისტრი 42 წლის რიში სუნაკი გახდა.

ინდური წარმოშობის, ყოფილი ფინანსთა მინისტრი, დღეს ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს შეხვდა.  მანამდე, გადამდგარმა პრემიერმა ლიზ ტრასმა მთავრობის კაბინეტთან ბოლო სხდომა გამართა.

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა ის მზადაა ქვეყანაში 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაცია დაძლიოს. ​მისივე თქმით, ქვეყანას ამ რთულ დროს, სტაბილურობა და ერთიანობა სჭირდება.

ამასთან, ცნობილია, რომ “ბრექსიტის” დროს, რიში სუნაკი ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო, ვინაიდან მისი მოსაზრებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ევროკავშირის გარეშე უფრო მეტად განვითარდებოდა.   ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან 45 დღის შემდეგ გადადგა, პრემიერობისთვის სახელმწიფო ხაზინის ყოფილი მინისტრი პენი მორდონტიც იბრძოდა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა და მხარდაჭერა რიში სუნაკს გამოუცხადა.

ასევე, მსოფლიო პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მეორე ვადით პრემიერ-მინისტრობა სურდა ბორის ჯონსონსაც. მიუხედავად, იმისა, რომ ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის 100-ზე მეტი წევრის მხარდაჭერა მიიღო, მან თანამდებობაზე კენჭი არ იყარა.

 

წყარო: BBC

ავტორი – ინგა ფუტკარაძე


პოდკასტი