ქართული სცენის ვარსკვლავს ღიმილის კაცს ეძახდნენ – გივი ბერიკაშვილი 90 წლის გახდებოდა

კინოში გადაღებები 28 წლის ასაკში დაიწყო. ლონდრე მისი პირველი სერიოზული როლი იყო. ამბობდა, – არაფრით არ ველოდი, რომ ამ ფილმზე ამიყვანდნენო, – მაგრამ აიყვანეს, სამხატვრო საბჭოზე ყველამ მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ფოტოსინჯი ჯერ შიშველს გადამიღეს, შემდეგ “შემკაზმეს“. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, მით უმეტეს, რომ ჩემი დაბადების დღე იყო – 15 მაისი“.

ეს სიტყვები, დიდ ადამიანსა და დიდ მსახიობს, გივი ბერიკაშვილს ეკუთვნის. სახალხო არტისტს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა.

თავისი მრავალფეროვანი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, გივი ბერიკაშვილმა სიცოცხლეშივე შექმნა თავისი ისტორია. მან, თითოეული ადამიანის გულში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. ქართული სცენის ვარსკვლავს ღიმილის კაცს ეძახდნენ. მაყურებლის სიყვარულით იყო განებივრებული, ყველას განსაკუთრებულად უყვარდა მის მიერ შესრულებული როლებიც.

მსახიობის შვილიშვილი, ანო მაისურაძე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

“ლევან წულაძემ მარჯანიშვილში პიგმალიონი დადგა.ეს ჩემთვის პირველი სპექტაკლი იყო, როცა დრამატული თეატრის სცენაზე ვნახე გივი. მაშინაც თითქოს დრო გაჩერდა. პირველი მოქმედების ბოლოს მაყურებელი თითქმის 40 წუთი უკრავდა გივის ტაშს. ასეთ მომენტებში ვხვდებოდი ხოლმე, რომ გივი არა მარტო ჩემი, არამედ ყველასია“.

დიახ, ყველას თავისი წილი გივი ბერიკაშვილი ჰყავდა – ნამდვილი, ვაჟკაცური, ერთგული, კეთილი, მეგობრული, თბილი, უშუალო, მხიარული, თავმდაბალი და ყველაზე უბრალო.

გივი ბერიკაშვილი 45 მხატვრულ ფილმშია გადაღებული, თეატრში კი ათეულობით როლი აქვს ნათამაშები. სხვადასხვა დროს, რუსთავისა და სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში მუშაობდა, ბოლოს კი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა. მიუხედავად მისი საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრებისა, 70 წლამდე მას არანაირი ჯილდო არ მიუღია. პირველი ჯილდო 70 წლის იუბილეზე მიანიჭეს. საქართველოს თეატრის შემოქმედებითმა კავშირმა ქართული აქტიორული ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. შემდეგ იყო არაერთი სახელმწიფო პრემია. 2008 წელს კი, 75 წლის იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრის წინ ვარსკვლავიც გაუხსნეს და გამოიცა წიგნი- „სახალხო არტისტი-გივი ბერიკაშვილი“. თუმცა, როგორც თავად ამბობდა, გარდა იმ დაბადების დღისა, როდესაც მოულოდნელად ლონდრეს როლზე დაამტკიცეს, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი 70 წლის იუბილე იყო.

გივი ბერიკაშვილი გურჯაანის რაიონში, სოფელ კოლაგში დაიბადა. ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი 4 წლის იყო, როდესაც მამა, 27 წლის ასაკში, ჭლექით გარდაეცვალა. დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონია.

“გივი ბერიკაშვილი ყველაზე მართალი კაცი იყო. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაფერმა არ გააბოროტა, არც გულისტკენამ, არც ტრაგედიამ. ცხოვრების ყველაზე დიდი მოგონება, რაც არაერთხელ მოუყოლია, ჩემთვის ძალიან განსაცვიფრებელი იყო. ვფიქრობდი, რომ ამ ადამიანმა საერთოდ როგორ შეძლო ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო. 3-4 წლის ასაკში, გივის მამა ჭლექით დაავადდა. მაშინ ეს უკურნებელი სენი იყო, ამიტომ მარტო ჰყავდათ ოთახში. როცა გივის ახლო უნდოდა მისვლა, ის წკეპლით აგდებდა ოთახიდან, რადგან არ გადასდებოდა. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, რა ასაკში გაიაზრა ეს ამბავი. მამა იმიტომ კი არ აგდებდა ოთახიდან, რომ არ უყვარდა, ან მასთან ყოფნა არ უნდოდა, პირიქით, მასზე ზრუნავდა. გამოხატვის ეს ფორმა იყო ბავშვისთვის ძალიან თავზარდამცემი და ალბათ ვიღაცისთვის ეს საკმარისი იქნებოდა, რომ მერე მთელი ცხოვრება გაბოროტებული და ცხოვრებაზე ნაწყენი ყოფილიყო“, – ამბობს ანო მაისურაძე.

საოცარი ურთიერთობა ჰქონდათ პაპას და შვილიშვილს. მიუხედავად იმისა, რომ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა, ანო მაისურაძე დღემდე ვერ შეეგუა მის მარადისობაში გადანაცვლებას. დღემდე სტკივა და დღემდე განიცდის მის გარეშე ყოფნას.

“გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ეზოში სათავსო დაალაგა. მეორე დილას ადგა, ისაუზმა და საავადმყოფოში წავიდა, რადგან სიცხე ჰქონდა. რაღაც ისე მოხდა, რომ ორ დღეში გაქრა. დაუჯერებელია დღემდე ეს ყველაფერი“, – ასე იხსენებს მსახიობის ბოლო დღეებს ანო მაისურაძე.

გივი ბერიკაშვილი ყველაზე მეგობრული და ადამიანური თვისებებით გამოირჩეოდა. ამბობდა, რომ სიყვარულისა და მეგობრობის გარეშე არაფერი არ კეთდება და ორივე ისეთი აუცილებელია ადამიანისთვის, როგორც ჰაერი,რათა ნორმალურად იცხოვრო ამ წუთისოფელშიო. ის, რომ მეგობრობა და სიყვარული განსაკუთრებულად შეეძლო, ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კახი კავსაძესთან მეგობრობა იყო. გივი და კახი-ეს იყო ერთი მთლიანი, ერთი სული. ისე ლამაზად ავსებდნენ ერთმანეთს, რომ მათ ურთიერთობაზე ლეგენდები მათსავე სიცოცხლეში დადიოდა. საოცარი მოსასმენი იყო მათი იუმორით და სიყვარულით სავსე დიალოგი.

კახი კავსაძე: – “შენზე მოხდენილი ვარო, მეუბნებოდა. ნუ, მეგობარია და ჩემზე მოხდენილიც არის, ჩემზე სიმპათიურიც და ლამაზიც. კარგი, იყოს მეთქი, დავთანხმდი, მაგრამ, ახლა სულ გაუტია კაცო, შენზე მაღალი ვარო, იძახის“.

გივი ბერიკაშვილი: – „იცით, კახი ყველაზე მეტად რაზე ბრაზდება ხოლმე? მილიონი როლი აქვს ნათამაშევი: ივანე მრისხანეც იყო, დონ კიხოტიც, გორდონიც, მაგრამ, მაინც ელიბოს ეძახიან და ამაზე ბრაზდება ხოლმე.

კახი კავსაძე: – „ხანდახან ბერიკა მართლა ძალიან მაბრაზებს. მთელი ქვეყნის გასაგონად, ხმამაღლა მაქვს ნათქვამი: ხალხნო, გივი სადმე მოკლული თუ ნახეთ, პირდაპირ ჩემთან მოდით, მკვლელი არ ეძებოთ მეთქი“…

კინოში ხშირად იღებდნენ ერთად. ამდენად, შემოქმედებითმა ურთიერთობამ თანდათან უფრო გაამყარა მათი მეგობრობა. უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. სიცოცხლის ბოლომდე უერთგულეს ერთმანეთს. გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, კახი კავსაძე ამბობდა:

„ გივი იყო ადამიანი, რომელსაც ორი გული ჰქონდა, მისი და ჩემი. ახლა დავრჩი გულის გარეშე. და, დღეიდან ღმერთს ვთხოვ, მალე შემახვედროს საქართველოს ყველაზე ნიჭიერ არტისტს. ეს ძალიან ძნელი გადასატანია. ასმაგად კეთილი უნდა იყო ცხოვრებაში, რომ ეკრანზე კეთილი გამოჩნდე და აი,ასეთი დადებითი ძალა წავიდა“.

სანამ გივი ბერიკაშვილი მარადისობას შეუერთდებოდა, იგი ხუმრობით ამბობდა:

“სიკვდილი არ მინდა და თუ მოვკვდები ოდესმე, იმედი მაქვს, იქ ერთი თეატრი გახსნილი ექნებათ ჩემებს დასასაქმებლად და დამასაქმებენ… უსაქმურად რა გამაჩერებს კაცო“.

დღეს, ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი, ერთად არიან იქ, მარადისობაში. საქართველომ ორი სამაგალითო, ეპოქალური ადამიანი დაკარგა.

გივი ბერიკაშვილი 2017 წლის 10 აპრილს გარდაიცვალა. ყველასათვის საყვარელი ადამიანი, უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს. გივი ბერიკაშვილი უამრავი ადამიანის გულში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება.

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი