მინიატიურული წიგნების საოცარი სამყარო
წიგნების ისტორია მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ შეექმნათ უნიკალური, სხვებისგან გამორჩეული წიგნები, რომელთა დანიშნულება, წაკითხვის გარდა, მკითხველის გაოცებას იწვევდა.
უნიკალური მინიატიურული “ძველი აღთქმა“, რომელიც, სავარაუდოდ, მე-18 საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს შექმნილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეუხებელ ფონდშია დაცული; ასევე ინახება 1759 წლით დათარიღებული ფრანგული პაწაწინა ლექსად დაწერილი ,,წმინდა ბიბლია“ და ,,ძველი და ახალი აღთქმა“, გვერდთა ორმაგი აღნუსხვით (192+192 გვერდი), რომელსაც, აკრძალვიდან გამომდინარე, ქალბატონები პარიკში მალავდნენ. ამ მინიატიურული წიგნების გვერდით ინახება გამომცემლობა ,,მინიატურის“ მიერ გამოცემული იშვიათი მინიატიურული ხელნაკეთი წიგნები.
საქართველოში, გამომცემლობა “მინიატურა“ ცნობილი წიგნების უმცირეს ვერსიებს 2006 წლიდან ქმნის. აქ არცერთი ეგზემპლარი არასდროს მეორდება. ყველაზე პატარა ხელნაკეთი წიგნები იშვიათი გამოცემაა, რომლებიც ხელითაა შეკერილი, მასალად ოქრო და ვერცხლია გამოყენებული და შემკულია ნატურალური ქვებით.
გამომცემლობა “მინიატურის“ დამფუძნებელი და დირექტორი ქეთევან ლაზარაშვილია. მიზანი, რომელიც მან სისრულეში მოიყვანა მისი ბავშვობიდან იღებს სათავეს. მინიატიურული წიგნების შექმნის იდეა წიგნების სიყვარულისა და ღრმა ბავშვობაში წიგნის თაროზე აღმოჩენილი მინიატიურული წიგნით გამოწვეული ემოციის შედეგად გაუჩნდა. ეს შთაბეჭდილება იმდენად ღრმა იყო, რომ ათეული წლების მანძილზე გამუდმებით ფიქრობდა, თუ როგორ შეექმნა მსგავსი წიგნები. საბოლოოდ, ოცნება რეალობად აქცია და მეუღლის დახმარებით მიზანს მიაღწია. მიუხედავად ურთულესი ეტაპებისა, თავის დანებება არასდროს უფიქრია. პირველ გამოცემას ,,თბილისის დაბადება“ ( 4/4 სმ-ზე), რომელიც 2006 წელს გამოიცა, საოცარი გამოხმაურება მოჰყვა.
“ყველაზე დიდ წარმატებას მაშინ მივაღწიე, როდესაც ჩვენს მიერ შექმნილი მინიატიურული წიგნები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეუხებელ ფონდში განთავსდა. ეს არის, დიდ პატივსა და აღიარებასთან ერთად, უდიდესი პასუხისმგებლობა. დიდი მადლობა ყველას , ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ და ვქმნით ქართული ხელნაკეთი მინიატიურული წიგნის ისტორიას“, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ქეთევან ლაზარაშვილმა.
გამომცემლობა “მინიატიურამ“ დღემდე 50-მდე დასახელების წიგნი გამოუშვა. მათ შორისაა, შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი“ , რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება გამოიწვია. ასევე, არაერთ წიგნთან ერთად, დიდი პოპულარობით სარგებლობს თვლებით შემკული მინიატიურული გამოცემები: ვეფხისტყაოსანი, სახარება და ბიბლია, რომელიც, ერთი წლის წინ, დიზაინერ ნატალია კლდიაშვილთან ერთად შეიქმნა. ხელოვანის განმარტებით, მინიატიურული “ვეფხისტყაოსანი” ვერცხლისგან, მოოქრულ- მოვერცხლილი დეტალებისგან და ბუნებრივი ქვებისაგან შედგება, რომელთა უმეტესობა ნაწარმოებშია მოხსენიებული.
“პირველი კოლექცია იყო ხმის ვიზუალიზაცია, რაც ნიუ-იორკში დავიწყე. ეს იყო საოცარი სამუშაო, რის შემდეგაც მომინდა სიტყვის ვიზუალიზაციის შექმნა და ,,ვეფხისტყაოსანზე“ საოცარს ვერაფერს გავაკეთებდი. ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა“, – აღნიშნა ნატალია კლდიაშვილმა.
მსოფლიოში არაერთი მინიატიურული წიგნი არსებობს. ის მცირეფორმატიანი ხელნაწერი ან ბეჭდური გამოცემაა, რომლის ზომა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, 10X10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ტერმინი “მინიატიურული გამოცემა“ მტკიცედ დამკვიდრდა წიგნთმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურაში. ზოგადად კი, მათ “ჯიბის წიგნებად“ მოიხსენიებენ.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია მიკროწიგნები. მსგავსი წიგნის შექმნა მრავალ სირთულესთან და დიდ შრომასთანაა დაკავშირებული.
მცირეფორმატიანი წიგნის ისტორია, ჩვენს ერამდე, ანტიკურ ეპოქაში იწყება. წიგნების დასამზადებლად, სხვადასხვა ქვეყანაში, ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ საწერ მასალას- გასანთლული ხისა და ბამბუკის დაფებს, პალმის ფოთლებს, სპილოს ძვალს, ცვილით დაფარულ არყის ხის ქერქს, ლითონის ფირფიტებსა და აბრეშუმებს, პაპირუსისა და პერგამენტის ფურცლებს იყენებდნენ. მოგვიანებით, ჩინელმა ცაი ლუნმა, უკვე ცნობილი მეთოდის დახვეწის შედეგად, ქაღალდი შექმნა. მისმა გამოგონებამ მინი წიგნების შექმნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, თუმცა, მინიატიურული წიგნები ძველთაგანვე იპყრობდა წიგნის მკვლევართა და მოყვარულთა ყურადღებას. ისინი მოხსენიებულია ძველი რომაელი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებშიც.
მინიატიურული წიგნი მეტად პოპულარული იყო მე-17 და მე-18 საუკუნეების ინგლისსა და საფრანგეთში. გამოდიოდა სასულიერო ხასიათის წიგნები- ბიბლიები, ლოცვები, ფსალმუნები და თვენი. მათ გვერდით კი იბეჭდებოდა ისტორიული და მხატვრული ნაწარმოებები, პოეტური კრებულები და ლექსიკონები, კულინარიული და სამკურნალო წიგნები, კალენდრები და გზამკვლევები. მინიატიურული წიგნების გამოცემამ მათ მიმართ ინტერესის გაზრდა განაპირობა. საუკუნეების განმავლობაში, არაერთი უჩვეულო, უცნაური და უნიკალური წიგნია გამოცემული. არსებობს ხელით დამზადებული ილუსტრაციებიანი მინიატიურული მრგვალი წიგნი ( 1480 წელი); საქამრე წიგნი ( 1589 წელი); ყველაზე პატარა ( სისქე 2, სიგანე კი 5 მმ) წიგნი “ახალი აღთქმა“; ორმაგი წიგნი (მე-16 საუკუნე); დაფაზე დაწერილი წიგნი( მე-17საუკუნე); დაწნეხილ ჰაერსა და ელექტროდენზე მომუშავე წიგნი ( 1949 წელი); მსოფლიოში ყველაზე დიდი წიგნი “დედამიწა“ (2010 წელი); ძაფებიანი წიგნი ,,სიზმრების აზრები“ ჰიპერლინკებით (2010 წელი); წიგნი, რომელიც იწვის (2013 წელი); სენსორული წიგნი (2014 წელი); წიგნი – ტრანსფორმერი (2014 წელი); საბავშვო წიგნი, რომლიდანაც შეიძლება ხე გავზარდოთ ( 2015 წელი); ვიკიპედია ქაღალდზე; სამგანზომილებიანი წიგნები; წიგნი გვირაბი; წიგნი საათი; კულინარიული რეცეპტების წიგნი, რომლის წასაკითხადაც ის უნდა “გამოაცხოთ“; ბიოგრაფიული წიგნები, რომლებსაც სახის ფორმა აქვს; ანატომიური წიგნი და ა.შ. ხელით დამზადებულმა მინიატიურულმა წიგნებმა უკვე დაიმსახურეს არაერთი მკითხველის აღფრთოვანება.
წიგნი ყოველთვის იყო, არის და იქნება ცოდნის მიღებისა და ინტელექტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი წყარო.
ლიკა მაჩხანელი