ხალხმა სიყვარულით “შავლეგო” შეარქვა – მერაბ კოსტავას დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა
საქართველოს ისტორიაში დაიბადნენ გმირები და მათ შორის, დაიბადა მერაბ კოსტავა. საზოგადო მოღვაწეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, დისიდენტს, უფლებადამცველს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, მუსიკათმცოდნესა და პოეტს დღეს 84 წელი შეუსრულდებოდა. იგი 1939 წლის 26 მაისს დაიბადა.
მერაბ კოსტავას პირველი ინტერესი მუსიკა იყო.
“მუსიკალური სკოლის მეექვსე კლასში სწავლობდა, როცა დამიბარა მუსიკის მასწავლებელმა და მითხრა, თქვენს შვილს ჩინებული მუსიკალური მონაცემები აქვს და ყურადღება მიაქციეთო. ,,მისგან რიხტერი დადგება“- მითხრა მან. მალე მერაბი ნიჭიერთა ათწლედში მოხვდა, ხოლო მისი დამთავრებისთანავე – კონსერვატორიაში“, – იხსენებდა ეროვნული გმირის დედა, ოლღა დემურია.
მერაბ კოსტავამ შემოქმედებითი უნარი გამოავლინა სტატიების, თეატრალურ-ლიტერატურული ესეების, პოემების, ლექსების წერაში და მთარგმნელობით საქმიანობაშიც. ლექსებს, განსაკუთრებული აქტიურობით, პატიმრობის დროს წერდა.
მაშინ, როდესაც საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყოველმხრივ იდევნებოდა სულიერებისა და ეკლესიური ცხოვრების ნებისმიერი გამოვლინება, მერაბ კოსტავა, თავის თანამოაზრეებთან ერთად, უშიშრად და დაუფარავად ესწრებოდა ტაძარში აღსრულებულ ღვთისმსახურებას. მას კარგად ესმოდა , რომ ქრისტიანობა მარადიულია, ხოლო პიროვნების თავისუფლებას-ერის თავისუფლებისგან განიხილავდა.
“მერაბ კოსტავა ფეხზე მოსიარულე თავისუფლება იყო, ხოლო მისი სიცოცხლე მარადიული მზადება რაინდული სიკვდილისთვის“, – წერდა ჯანსუღ ჩარკვიანი კოსტავას გარდაცვალების შემდეგ.
თავისუფლება-ეს მისი სამოქმედო არეალი იყო. არავინ ისე არ საუბრობდა თავისუფლებაზე, როგორც ის.
“ერის დიდებულებას სწორედ ერთიანობა განსაზღვრავს“, – ამბობდა მერაბ კოსტავა და მისი მთავარი საზრუნავი სწორედაც, რომ ეს იყო- ერის ერთიანობა და ქვეყნის მომავალზე ფიქრი. მისთვის თავისუფლება არც თარიღებით იწყებოდა და არც საერთაშორისო აღიარებით არ მთავრდებოდა. მისთვის თავისუფლება იყო ყველგან, მათ შორის საკანშიც.
„… ნამდვილი თავისუფლება აქ, კუბოსდარ ვიწრო საკანში იშვის. აქ, შეგრძნებათათვის, ხანგრძლივ მოწყენილობაში იბადება იგი. უჩინრად ისახება ენერგიულ ფიქრებში, დაიძვრის, როგორც მდინარე მეხსიერებისა და მიეშურება ჩემივე ცხოვრების სათავისკენ…“, – წერდა მერაბ კოსტავა.
შეეძლო თავი გაეწირა მეგობრებისთვის, თანამებრძოლებისთვის, სამშობლოსთვისა და ერთგულებისთვის. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული. ციხის საკანში პირველად ჯერ კიდევ სკოლის ასაკში მოხვდა. იმ პერიოდში გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას. მათ გვერდით იყვნენ მათი თანატოლებიც, რომლებთან ერთადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანი“ დააარსა. მალევე გაჩნდა პროკლამაციები რუსთაველისა და მაშინდელი “პლეხანოვის“ გამზირებზე: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“
პროკლამაციების გავრცელებისთვის ორგანიზაციის წევრები დაიჭირეს და 6 თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანები, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.
მისი დროის ყველა სხვა პოლიტპატიმარს შორის ყველაზე დიდხანს იჯდა ციხეში, დიდხანს იშიმშილა, შვილის ტრაგედიაც მარტომ გადაიტანა, ყველა აბსურდულ სასჯელსა და ცილისწამებას ღირსეულად შეხვდა, მაგრამ არასდროს გატყდა, არასდროს დაეცა, სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა თავის ქვეყანას.
გადასახლებაში ყოფნისას, შიმშილობის 90-ე დღეს, მისი ერთადერთი ვაჟის, 25 წლის ირაკლი კოსტავას დაღუპვის ამბავი შეატყობინეს. შიმშილისგან დაუძლურებული, კარცერიდან გამოიყვანეს და შვილის სიკვდილი პირდაპირ მიახალეს, შემდეგ კი ისევ უკან დააბრუნეს. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ, მეუღლისთვის წერილიც კი გაუგზავნია:
“გამარჯობა რუსუდან… გწერ წერილს და გისურვებ გამძლეობას და ამტანობას, ჩვენთვის ამ ყველაზე მძიმე დღეებში, მოიკრიბე ძალა და გაიათმაგე ნებისყოფა. არა მარტო მინდა ეს, გთხოვ კიდეც. ისე ატარე ეს დიდი მწუხარება, რომ გააკეთილშობილოს ირგვლივ ყველაფერი. ჩვენი შვილი ირაკლისთვის, მისი ნათელი ცხოვრებისთვის გააკეთე ეს. უკიდურესი სასოწარკვეთითა და უიმედობით ნუ ავნებ მის სახელს. იმედი მაქვს, შენ ამ ძალებს იპოვი…
ვარ იგივე მდგომარეობაში. შენ თვითონ გესმის, რომ ჩვენი უბედურების მიზეზი ჩემთვის ბნელით არის მოცული და ასე დარჩება, ვიდრე შევხვდებით. შევხვდებით კი ოდესმე?! გკოცნი, მერაბი…“
ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილს კი შემდეგი ლექსი მიუძღვნა:
,,ო, როგორ ვღელავ, როგორ ვინაღვლი,
აწ მომხდარს, რომ ვერ გადავეღობე,
კიდევ კარგი, რომ ჩემთვის ირაკლი
გარდაცვლილები არ არსებობენ“.
ვინ იცის, სინამდვილეში როგორ სტკიოდა, რა ტანჯვა გადაიტანა, მაგრამ ერთადერთი შვილის სიკვდილსაც ასე მედგრად შეხვდა.
პოლიტიკური წნეხის გამო, მაშინდელი ხელისუფლება იძულებული გახდა, მერაბ კოსტავა გაეთავისუფლებინა. შვილის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, 1987 წლის 30 აპრილს, ათწლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.
“საქართველოში დაბრუნდა სრულიად მშვიდი, მხნედ , როგორც ყოველთვის, საკუთარ თავში დარწმუნებული“, – ასე აღწერა ათი წლის უნახავი შვილის დაბრუნება ოლღა დემურიამ.
სამშობლოში დაბრუნებულ მერაბ კოსტავას არაერთი თანამდებობა შესთავაზეს, მაგრამ ყველაფერზე უარი განაცხადა.
“ჩვენ დავამარცხებთ რუსების იმპერიას!“, – ხმამაღლა განაცხადა საბჭოთა გულაგებიდან დაბრუნებულმა დისიდენტმა საქართველოს ცეკას პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის კაბინეტში. მალევე ხმა გავარდა, რომ მერაბ კოსტავამ ყველა თანამდებობას მუსიკის მასწავლებლობა არჩიაო. ბარნოვის ქუჩაზე, მუსიკალურ შვიდწლედში დაიწყო მუშაობა. პროფესიით მუსიკოსმა ისევ მუსიკით გააგრძელა ცხოვრება და პარალელურად, ზვიად გამსახურდიასთან ერთად 1987-1990 წლებში გამართულ თითქმის ყველა საპროტესტო აქციის, გაფიცვის, შიმშილობის, მიტინგისა და დემონსტრაციის ორგანიზატორი იყო. 9 აპრილის სისხლიან ღამესაც, უშიშრად იდგა საკუთარი ხალხის გვერდით და ელოდებოდა არა ქართველი ერის ხოცვა-ჟლეტას, არამედ დაპატიმრებას.
“საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი ერთ-ერთი უდიდებულესია. ამ 70 წლის მანძილზე, ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლისღვრაში პირველად ასე შეკრული, ასე მთლიანი წარმოდგა ქართველი ერი ღვთის წინაშე“, – ამბობდა 9 აპრილის აქციაზე ეროვნულ გმირი.
ლოდინი დიდხანს არ გაგრძელებულა. 9 აპრილის ღამეს, მიტინგის ორგანიზებისთვის დააპატიმრეს და მხოლოდ 40 დღის შემდეგ გაათავისუფლეს. ძალზე დანაღვლიანებული და გაკვირვებული ყოფილა 9-ში დატრიალებული ამბების გამო. ამ ტრაგედიის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად აიღო გეზი დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ. როდესაც მას ეკითხებოდნენ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაში, პასუხობდა:
“მე სოფელში წავალ, თოხსა და ბარს ავიღებ და მიწაზე ვიმუშავებ“.
ოცნება ოცნებად დარჩა. 1989 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისიდან თბილისისკენ მომავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან ტრაგიკულად დაიღუპა. ყველამ გულწრფელად დაიტირა და გაიზიარა ეს უდიდესი ტკივილი. ეროვნული გმირი სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს და მთაწმინდაზე, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
მერაბ კოსტავას საყვარელი სიმღერა იყო “შავლეგო”. ყველგან, სადაც კი ამის საშუალება და ვითარება არსებობდა, “შავლეგოს” მღეროდა თავისი შესანიშნავი ხმით. მოსწონდა თავად სიმღერის ისტორია. გმირულ-პატრიოტული ხასიათის ქართული ხალხური სიმღერა, სახალხო გმირ შალვა ახალციხელს ეძღვნება. ამაღელვებელია სიმღერის ტექსტიც:
“შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო,
სისხლში გაგიხამებია, შავლეგო”…
ქართველმა ხალხმა ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავას სიყვარულით “შავლეგო” შეარქვა.
ლიკა მაჩხანელი