“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში, ქართველი პუბლიცისტის, ჟურნალისტის, პროზაიკოსისა და მწერლის – ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში, მისი გარდაცვალების დღეს, 25 მაისს სასწავლო პროექტის სიმბოლური პრეზენტაცია მოეწყო. “ნიკო ლორთქიფანიძე – ღირსების მასწავლებელი” – ასე ერქვა პროექტს, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგორზღვის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა – ნათია ნაცვლიშვილმა და მეორე საჯარო სკოლასთან შერწყმული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა – სალომე მიქაძემ მერვეკლასელებთან ერთად განახორციელეს.
როგორც მედია სააგენტო “24“-ს ნათია ნაცვლიშვილმა განუცხადა, ეს სკოლები მცირეკონტინგენტიანია და მათი დაახლოების მიზნით, მასწავლებლები სკოლათა შორის თანამშრომლობის კულტურას ნერგავენ.
“მარად აქტუალური კლასიკოსი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახელი ასოცირდება ღირსებასთან. მოსწავლეებმა ვრცლად შეისწავლეს მისი ცხოვრების გზა, მისი პიროვნული თვისებები: თავმდაბლობა და არაპომპეზურობა, ფიცის კაცების შთამომავალი არავის აპატიებდა სამშობლოს შეურაცხყოფას და ამიტომაც საჯაროდ გააწნა სილა რუს ოფიცერ აკიმოვს, რომელსაც სასაცილოდ აუგდია ქართველები და მასთან მოსაუბრე მწერალი. ლორთქიფანიძე ორჯერ იდგა დუელიანტის ბარიერთან, მისი რაინდული ქმედებანი ყველა ეპოქის ქართველისათვის მისაბაძი და გასაზიარებელია, მით უფრო, ჩვენს დროში, ღირებულებათა აღრევისა და გადაფასების დროში”, – აცხადებს ნათია ნაცვლიშვილი.
მისივე ინფორმაციით, მოსწავლეებმა დაამუშავეს თემები, “მწერლის პორტრეტი თანამედროვეთა თვალით, “ფიცის კაცთა შთამომავალი”, “ორ დუელს გადარჩენილი”, “ნიკო და ქუთაისი” და წარმოადგინეს ღია ცის ქვეშ. შემდეგ კი, გიდის დახმარებით უფრო ახლოს გაეცვნენ მწერლის სამყაროს, დაათვალიერეს მის მუზეუმში დაცული ნივთები.
ლორთქიფანიძეს ასე ახასიათებს კოლაუ ნადირაძე, რომელსაც ქუთაისის კაფეში, ერთ-ერთ ლიტერატურულ საღამოზე გაუცნია დიდი მწერალი:
“ქუთაისის ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი ესწრებოდა ამ საღამოს, გამიკვირდა,თუ როგორი ყურადღებითა და პატივისცემით უსმენდნენ მას, დაინტერესებული ვაკვირდებოდი მას: რაღაც თავდაჭერილი არისტოკრატული იერი, ბუნებრივი არისტოკრატული ქცევა ახასიათებდა და მკვეთრად განსხვავდებოდა ყველასაგან. ჩემს წინ იდგა მწერალი, დენდიზმის დამახასიათებელი თვისების მატარებელი”.
რამდენიმე ეპიზოდი მწერლის ბიოგრაფიიდან
ნიკო ლორთქიფანიძის ბავშვობაში მწვავედ იდგა ქართული წიგნების სიმცირის პრობლემა. პატარა ნიკოც, თურმე, უფრო ხშირად რუსული წიგნებით სარგებლობდა. შესაბამისად, წერაც რუსულად დაუწყია. 1901 წელს ქუთაისს ესტუმრა რუსეთის მოხეტიალე დასი, რომელთაც წარმოადგინეს პიესა „შვილი ისრაელისა“. რუსმა შოვინისტებმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვეს და სცადეს, წარმოდგენა ქართველთა და ებრაელთა შორის შუღლის გასაღვივებლად გამოეყენებინათ. ამ მცდელობას წინ აღუდგნენ ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები. საქმეში პოლიცია ჩაერია. აღელვებული ხალხის დასაწყნარებლად ჯარისკაცთა 150 კაციანი რაზმის გამოყენება გახდა საჭირო.
ნიკო ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები პასუხისგებაში მისცეს. ბრალი ედებოდათ პოლიციის მოხელეთა შეურაცხყოფაში, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში. ბრალდებულებს ფულადი ჯარიმა დააკისრეს. მაგრამ ხელისუფლების მაღალჩინოსანთა მოთხოვნით განაჩენი გადაისინჯა და ნიკო ლორთქიფანიძეს ორი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
1902 წელს ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში გაემგზავრა. ბინას, რომელშიც მწერალი ავსტრიაში ცხოვრობდა, ამშვენებდა წარწერა: „პრინცი ლორთქიფანიძე“. აღნიშნული პერიოდიც ფათერაკებიანი აღმოჩნდა მწერლისათვის, „ფიცის კაცთა“ შთამომავალს ერთი ლექტორი, შეურაცხმყოფელი გამოხტომის გამო, დუელში გამოუწვევია. დუელი „ქართველი პრინცის“ გამარჯვებით დასრულებულა.
დუელში ჩაბმა ნიკო ლორთქიფანიძეს კიდევ ერთხელ მოუხდა რუს ოფიცერთან, რომელმაც ქართველები მასხრად აიგდო.
ნიკო ლორთქიფანიძეს თანამედროვენი ახასიათებენ დიდსულოვან, არისტოკრატული ბუნების, მოკრძალებულ და დახვეწილ ადამიანად. მწერლის ცხოვრების უკანასკნელი წლები ჩვენი ქვეყნის შავბნელ პერიოდს დაემთხვა. უკუღმართი დროებით შეწუხებული მწერალი ჩუმად, უპრეტენზიოდ ცხოვრობდა და ხელისუფალთ თავს არიდებდა. ხშირად უნახავთ შებინდებისას რუსთაველის გამზირზე მარტო მოსეირნე, ფიქრებში ჩაფლული, თვალებში ნაღველჩამდგარი. ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1944 წლის 25 მაისს, 64 წლისა, დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, საიდანაც 1954 წელს დიდუბის პანთეონში გადაასვენეს.
შორენა პაპაშვილი