რას გვიამბობს ლეგენდები იდუმალებით მოცული ქალის ციხეზე
ქალის ციხე (თამარის ციხე) განვითარებულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მდებარეობს. ლეგენდის მიხედვით, ციხის სახელწოდებას თამარ მეფეს უკავშირებენ. თითქოს, ციხე მეფე ქალს აუშენებია და ამიტომ ჰქვია მას ქალის ციხე. სხვა ვერსიის მიხედვით კი, როდესაც მამაკაცები საომრად იყვნენ წასულნი, ციხეს ქალები იცავდნენ და სახელიც აქედან მომდინარეობს.
სავარაუდოდ, ქალის ციხე მე-VI-XII საუკუნეებშია აშენებული. იმ ხანად, მანავი მეტად მომძლავრებულ კუთხეს წარმოადგენდა. მის მახლობლად ნინოწმინდისა და ჭერემის საეპისკოპოსო ცენტრები მდებარეობდა. თარაქი მეფეთა დასასვენებელ აგარაკს წარმოადგენდა, საიდანაც, მანავის ცივის მთაზე გადავლით, შუამთისა და თელავისკენ მოკლე გზა გადადიოდა. ამ, დიდ სავაჭრო და სამხედრო გზაზე იმდროინდელი საქართველოს მესვეურებს შემთხვევით არ გაუთვალისწინებიათ ასეთი დიდი ციხის მშენებლობა.
ქართლის ცხოვრების მიხედვით, მე-14 საუკუნეში , გიორგი ბრწყინვალემ ჰერ-კახთა და სომხეთის ერისთავნი, რომლებიც მონღოლებს მიემხრნენ, კახეთის ცივის მთაზე მიიწვია და ამოწყვიტა. არსებობს ვარაუდი, რომ გიორგი ბრწყინვალემ მოღალატე ერისთავები სწორედ ქალის ციხეში დასაჯა სიკვდილით.
ციხე თითქმის მიუდგომელია, რადგან ის განლაგებულია ორი ღრმა ხევის შესაყართან, მაღალ ციცაბოფერდებიან მთაზე. ერთადერთი მისადგომი ბილიკი მანავის ცივის მხრიდანაა. ტერიტორია მთლიანად ტყითაა დაფარული და უამრავი ქვაა მიმოფანტული, ისეთივე, რითაც ეკლესია და კედლის გადარჩენილი ნაწილია ნაგები. კოშკიდან კარგად მოსჩანს მანავის ციხე, სამხრეთით კი მთლიანი ჰორიზონტი.
ლიკა მაჩხანელი