ბოლნისი ღვინის ფესტივალის მოლოდინში

17 ივნისს,  ბოლნისი დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უმასპინძლებს. ღონისძიება ქალაქის გერმანულ უბანში ჩატარდება, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში, კავკასიაში ჩასახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს. კონკურსში მონაწილეობას 70-ზე მეტი მეღვინეობა  მიიღებს.

ღვინის ფესტივალს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის მწერლები და ექსპერტები დაესწრებიან, რომლებიც საკონკურსოდ დარეგისტრირებულ ყველა ღვინოს წინასწარ დააგემოვნებენ.

ამავე დღეს, ძველ გერმანულ უბანში გაიხსნება ქართულ-გერმანული ღვინის სახლი, რომელიც ბოლნისური ღვინოების სადეგუსტაციო სივრცე გახდება.

70-ზე მეტი საოჯახო მეღვინეობა კონკურსისთვის განსაკუთრებულად ემზადება. მოლოდინი ყველას დიდი აქვს, კონკურენციაც მაღალია. ამ მრავალფეროვანი კომპანიებიდან კი მხოლოდ 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს გამარჯვებული გამოვლინდება. მედია-სააგენტო ,,24“ ფესტივალში მონაწილე რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

ერთ-ერთი მონაწილე ,,ძმების მარანია“, რომელიც ოჯახურ მეღვინეობას წარმოადგენს. 2015 წელს  გურამმა და გიორგიმ ბოლნისში  ძველი ქართული ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტეს  და  ქვევრში ღვინის გაკეთება დაიწყეს. ძმები ღვინოს ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისგან აწარმოებენ. აქვთ ექსპერიმენტული ღვინოებიც. მათ შორისაა: ბოვი, რატევანი და ანფენტი. 8 წლის განმავლობაში მათ არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონკურსში  უკვე მიიღეს მონაწილეობა.

მეღვინეობა ,,ველეულა“ კი ბაზარზე განსხვავებული კონცეფციით წარდგა. კომპანიას ვენახები რაჭაში, ხვანჭკარას  მიკროზონაში, ლაზმაურას ფერდობზე აქვს გაშენებული. მრავალფეროვან ასორტიმენტში მოეპოვებათ 2 ადგილწარმოშობის ღვინო – ხვანჭკარა და ტვიში. ისინი სწორედ ამ ღვინოებით წარდგებიან ბოლნისის ფესტივალზე.

საოჯახო მარანი  ,,დიმიტრის ღვინო“  ხაშმში მდებარეობს. კომპანია ადგილწარმოშობის ხაშმის საფერავს საკუთარი ვენახიდან აწარმოებს. ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდნენ. ,,დიმიტრის ღვინის“ დამზადება კლერტგაცლილი ყურძნიდან დურდოს სრული მასის მონაწილეობით, უჟანგავ ჭურჭელში ხდება.

გოგალას საოჯახო ღვინის მარანს კი მამა-შვილი , ვასილ და გიორგი გოგალაძეები აწარმოებენ. გატაცება მალე ოჯახურ ბიზნესად გადაექცათ და დღეს უკვე  თავის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. მარანი გემოვნული თვისებების მქონე მშრალი ღვინითაა ცნობილი. ღვინის მარანი ქალაქ ბოლნისში, ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს, რომელიც მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით, ნაყოფიერი ვენახებითა და იდეალური კლიმატითაა გამორჩეული.

გამარჯვებული ღვინოები 17 ივნისს, ფესტივალის დახურვამდე გამოცხადდება. კონკურსი კი ნიაზ დიასამიძისა  და ჯგუფ 33ა-ს კონცერტით დაიხურება.  ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი