60 ფეხსაცმლის ისტორია დუნაის სანაპიროზე

ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე, უნგრეთის პარლამენტიდან დაახლოებით 300 მეტრში, 60 წყვილი ფოლადის ფეხსაცმელებისგან შექმნილი მონუმენტია განლაგებული.  ეს ფეხსაცმელები ტრაგიკულ ისტორიას გვახსენებს. ისტორიას იმ ასობით დაღუპული ადამიანისა, რომლებიც ფაშისტური პარტიის მიერ , მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ დანაშაულებებს შეეწირნენ.  მონუმენტი ,,ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე“  1944-1945 წლებში დახვრეტილი უნგრელი ებრაელების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალია.

1944 წელს, უნგრეთში, ფერენც სალაშის  ხელმძღვანელობით შექმნილმა ფაშისტურმა პარტიამ ,,ჯვარედინა ისრები“ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და სრული ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. სწორედ ამ პერიოდში, პარტიის მილიციელები თავისუფლად დარბოდნენ ბუდაპეშტში და აწიოკებნენ და ანადგურებდნენ მოწინააღმდეგეებს. პარტიის მოხალისეები ძარცვავდნენ ქალაქს და ხვრეტდნენ ებრაელებს.  დახვრეტის წინ, 50-60 კაციან ჯგუფს ართმევდნენ ძვირფასეულობას, ხდიდნენ ფეხსაცმელებს და აიძულებდნენ დუნაის ნაპირთან რიგში დამდგარიყვნენ. გადმოცემის მიხედვით, მათ ერთმანეთზე ჯაჭვით აბამდნენ, რის შემდეგაც ხდებოდა მხოლოდ ერთი გასროლა. ადამიანი, რომელსაც ხვრეტდნენ, ვარდებოდა წყალში და დანარჩენ მასზე გადაბმულ პატიმრებს თან იყოლებდა. ასე აკეთებდნენ ფაშისტები ტყვიების ეკონომიას, ფეხსაცმელებს კი ყიდდნენ. რაც შეეხება ათასობით სამოქალაქო პირს, ისინი, ნაცისტებთან თანამშრომლობით,  მონების შრომით ბანაკებში გადაასახლეს.

ფაშისტური პარტია 1944 წლის 15 ოქტომბრიდან 1945 წლის 28 მარტამდე  მართავდა ქვეყანას. ბუდაპეშტის გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე, პარტიის წევრებმა 15 ათასი ებრაელი დახვრიტეს. მიუხედავად მათი მცირეხნიანი მმართველობისა, მაინც მოასწრეს და აუტანელი ტკივილი მიაყენეს ებრაელ ხალხს. ომის შემდეგ, 255 ათასი ადამიანი გადარჩა, რომელთა უდიდესი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. საბოლოოდ, ქვეყანაში 100 ათასი ებრაელი დარჩა.ნაცისტების სისასტიკეს უნგრეთში მცხოვრები ებრაელების 70 პროცენტი შეეწირა. ეს დიდი ტრაგედია იყო.

ებრაელი ერის  პატივსაცემად მონუმენტი ,,ფეხსაცმელები დუნაის სანაპიროზე“  2005 წლის 16 აპრილს დაიდგა. ექსპოზიცია კინორეჟისორის კან ტოღაისა და მოქანდაკე გიულა პაუერის მიერ შეიქმნა. სანაპიროზე სულ 60 წყვილი ფეხსაცმლის სკულპტურაა. აქ შეიძლება იპოვოთ როგორც  მამაკაცის და ქალის, ასევე ბავშვის ფეხსაცმელები.  სხვადასხვა სტილისა და ზომის  მოდელები მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ უსაფრთხოდ არავინ იყო-არც კაცი, არც ქალი და არც ბავშვი.

ამ სასტიკი ისტორიის გამო დუნაის ,,ებრაული სასაფლაოს“ სახელი შერჩა.

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ძეგლია, რომელიც ამ სევდიან და ტკივილით სავსე ისტორიას  დუნაის სანაპიროზე გამვლელებს ყოველ წუთს ახსენებს.  ფეხსაცმელების ერთობლიობა მნახველში უდიდეს სევდას აღძრავს. აქ ყოველთვის აწყვია ახალი ყვავილები და ანთია სანთლები.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი