გზა კაბადოკიიდან სატახტო ქალაქამდე – 1 ივნისი წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეა

1 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობა პირველად ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს, ქართველთა გაქრისტიანება IV საუკუნის დასაწყისში წმინდა ნინოს ღვაწლს უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ამ დღეს ქართველი ერი განსაკუთრებულად ზეიმობს. დღეს, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, სადღესასწაულო  წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა ნინო კაბადოკიის ქალაქ კოლასეში, დაახლოებით, 280 წელს დაიბადა.  გადმოცემის თანახმად, წმინდანი ბავშვობიდან გამოირჩეოდა უფლის სიყვარულით, ხშირად ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და გულმხურვალედ შესთხოვდა , რომ საქართველოს ნახვისა და კვართის თაყვანისცემის საშუალება მისცემოდა. მარიამ ღვთისმშობელმა შეისმინა ნინოს ვედრება,  სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ მის წიხლვედრ ქვეყანაში ქრისტეს სახარებლის საქადაგებლად წასულიყო.

წმინდა ნინოს გზა კაბადოკიიდან მცხეთამდე ხანგრძლივი და დაბრკოლებებით სავსე იყო. მან, ღვთისმშობლისგან ბოძებული ვაზის ჯვრით, გამოიარა ეფეშო, გამოიარა სომხეთი და ბოლოს, 319 წელს, 14 წლის ასაკში, ფარავნის ტბის გზით შემოვიდა საქართველოში. ქართველთა განმანათლებელმა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში  დაიდო ბინა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, ერი კი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა. წმინდანი სამეფო ბაღის მცველის სახლში დასახლდა, დღედაღამ ლოცულობდა და ღმერთს ქართველთა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევას შესთხოვდა. მისი ლოცვით, უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა და უშვილო ოჯახებს შვილები მიეცათ. რთული, წინააღმდეგობებით სავსე წლები განვლო წმინდანმა. საბოლოოდ, როცა მირიან მეფემაც ირწმუნა ნინოს ღმერთის, 326 წელს,  ქრისტიანობა  სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა  და ქართველთა განმანათლებლის შეწევნითა და ქადაგებით, ერი გაქრისტიანდა. მეფე მირიანმა, წმინდანის რჩევით, უფლის კვართის ადგილას ქრისტიანული ტაძარი ააგო.

წმინდა ნინო ,338 წლის 27 იანვარს, ბოდბეში გარდაიცვალა და, მისი სურვილისამებრ, იქვე  დაკრძალეს. წმინდანის გარდაცვალების შემდეგ, მეფე მირიანმა მის საფლავზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი, რომელიც წმინდანს ღვთისმშობელმა გადასცა, სიონის საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. ყოველ წელიწადს, ნინოობის დღესასწაულზე, სასულიერო პირები წმინდანის ჯვარს მრევლთან გამოაბრძანებენ ხოლმე. ამ დღეს, მათ შესაძლებლობა ეძლევათ წმინდა ნინოს ჯვარს ემთხვიონ და პატივი მიაგონ. ტრადიცია არც წელს დაირღვა.

მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ღვაწლი ქართველი ერის წინაშე ფასდაუდებელია.

წმინდანის დღესასწაულს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ-1 ივნისსა და 27 იანვარს აღნიშნავს.

მედია-სააგენტო ,,24“ ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს გილოცავთ.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი