1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

1 ივნისს, მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.  ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და მთაწმინდის პარკში ღონისძიებები გაიმართება.

მთაწმინდის პარკში მულტფილმის ყველასათვის საყვარელი გმირები ბავშვებთან შესახვედრად უკვე მზად არიან. პატარებს შესაძლებლობა აქვთ თავის საყვარელ პერსონაჟებთან ერთად ფოტო გადაიღონ და ეს დღე განსაკუთრებულად მხიარულად გაატარონ. მულტფილმის გმირები მათ სამ საათამდე ელოდებიან. ძირითადი საბავშვო აქტივობები კი 4 საათიდან დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები  და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე და ფოტოზონა. ასევე გაიმართება საპნის ბუშტების, ქიმიური ექსპერიმენტის და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და სხვადასხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

ბავშვთა დაცვის დღე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც აღინიშნება.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წელს, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააარსა. 1950 წლიდან, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, განსაკუთრებულად აღინიშნება.  ეს დღე მსოფლიოს ბავშვების მიმართ ზრუნვის აუცილებლობას, მათი ჯანმრთელობის, განათლების, აღზრდა-განვითარებისა და სიცოცხლისთვის სათანადო პირობების შექმნას, ძალადობისა და ომისგან დაცვას ახსენებს.


პოდკასტი