ადგილი, რომელიც ქრისტიანობის სიმბოლოდ იქცა

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ულამაზესი თხოთის მთაა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის ამბავი. გადმოცემის თანახმად , ერთ დღეს მირიან მეფე თხოთის მთაზე ასულა, სადაც მზე დაუბნელდა და გარშემო ვეღარაფერს ხედავდა. მეფე ერთ ადგილას შეჩერებულა და დასახმარებლად თავის კერპებისთვის მიუმართავს. როცა მიხვდა, რომ არმაზი და ზადენი ამ გასაჭირიდან ვერ იხსნიდნენ, წმინდა ნინოს ღმერთი გაახსენდა. უფალს შესთხოვა, რომ მისთვის ბნელი გაენათებინა, სამაგიეროდ კი  ნინოს მორჩილი იქნებოდა და ქრისტიანობასაც მიიღებდა. ეს თქვა თუ არა, სიბნელე სინათლემ მოიცვა და მზე გამობრწყინდა. მეფე მირიანმა პირობა შეასრულა, უფალი ადიდა, იმ ადგილას კი ქრისტეს ჯვრის აღმართვა გადაწყვიტა. ამ სასწაულის შემდეგ, თხოთის მთის წვერზე, წმინდა ნინოს სახელზე სამლოცველო აღიმართა.

თხოთის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. ჯვარგუმბათოვანი ტაძარი  IX-X საუკუნეების მიჯნაზე დარბაზულად გადაუკეთებიათ. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. სტილისტური ნიშნებით, მხატვრობა  მე-10 საუკუნის დასასრულითა და მე-11 საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება.

ძნელია,წარმოიდგინო როგორ გამოიყურებოდა ეს ადგილი დაახლოებით 16 საუკუნის წინ, თუმცა ულამაზესი ხედები დღესაც ატყვევებს მნახველის თვალს.

2006 წლის 7 ნოემბერს ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი