თბილისი პირველ ფოტობიენალეს მასპინძლობს

პირველად საქართველოში, ფოტობიენალე ,,დაბადება XIX საუკუნე“ ტარდება. ფოტობიენალეს თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 24 მაისიდან  მასპინძლობს.  პროექტი სამი ქვეყნის (საქართველო, გერმანია, ლიეტუვა)  კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში დაცულ ფოტოსურათებს აერთიანებს. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია მე-19 საუკუნის თბილისის, ბერლინისა და ვილნიუსის  ხედების ფოტოსურათები, რომლებმაც თანამედროვე კულტურული მოდელის ჩამოყალიბებაში ისტორიული როლი შეასრულეს. მათი ფოტოგრაფიული გამოსახულებები კი ერთგვარი პორტრეტებია, რომლებიც ამ ქალაქების ისტორიაზე გვიყვებიან და, რაც მთავარია, უტყუარი სახით წარადგენენ და ინახავენ მათ წარსულს.

 

თბილისი, სასტუმრო ,,კავკაზი”, XIX ს-ის II ნახ.

ბერლინი, სამეფო სასახლე, 1856 წ.

ვილნიუსის ხედი უჟუპისიდან, 1873 წ.

თბილისის ფოტობიენალეს მიზანს წარმოადგენს: მთავარი ქალაქების ისტორიის ვიზუალური კვლევა, წარდგენა და პოპულარიზაცია; ისტორიული ქარტეხილებისა და უსამართლობის გამო, დროსა და სივრცეში დარღვეული კავშირის აღდგენა; თბილისის, როგორც ამიერკავკასიის კულტურული ცენტრის პოპულარიზაცია და თანამედროვეობაში ამ როლის განმტკიცებისთვის ხელშეწყობა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და თანამედროვე სახელოვნებო პროცესებში აქტიური ჩართულობა.

 

 

თბილისის პირველი ფოტობიენალე საქართველოს ფოტოგრაფ- მოყვარულთა საზოგადოების ინიციატივით, ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოში გერმანიისა და ლიეტუვას საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

 

პროექტის ფარგლებში, დღეს, 7 საათზე,  თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ცირა ელისაშვილის საჯარო ლექციას ,,ტფილისური ამბები“ უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მე-19 საუკუნის თბილისის საინტერესო ამბები იქნება განხილული.

 

თბილისი,მე-19 ს.

,, მას ხან პარიზს ადარებდნენ, ხან – ვენეციას, თუმცა, ის ყოველთვის ტფილისი იყო- ყველასგან განსხვავებული, გამორჩეული და უნიკალური; თბილისური ენით, სამოსით, ცხოვრების წესითა და არქიტექტურით. დღესაც, ეს არის ქალაქი, სადაც ყველა ეზო თავის ისტორიას გიყვება“.

ფოტობიენალე ,,დაბადება XIX საუკუნე“  დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში,  არაერთი საინტერესო საღამო გაიმართა. იმათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გინახავთ კერძო კოლექციებსა და მუზეუმებში დაცული მე-19 საუკუნის საქართველოს, გერმანიისა და ლიეტუვას ფოტოსურათები, იჩქარეთ, წინ რამდენიმე საათი დარჩა. ღონისძიებაზე დასწრება, ნებისმიერი მსურველისთვის, თავისუფალია.

 

ლიკა მაჩხანელი

 


პოდკასტი