შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
1 ივნისიდან, ბენეფიციარები სააანალიზო- ტექნიკურ საშუალებებისა და მედიკამენტების მიღებას, პროგრამაში ჩართულ აფთიაქებში, ერთდროულად შეძლებენ. გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას პაციენტებს 11 სხვადასხვა დაწესებულება გაუწევს. ცვლილებების შედეგად, ინსულინი, ტესტის ჩხირები და ლანცეტის ნემსები 3 თვიანი მარაგის ოდენობით გაიცემა. დაკორექტირდა გაცემის თარიღიც. ბენეფიციარები მარაგის მიღებას, მათთვის განსაზღვრულ კონკრეტულ რიცხვამდე, 10 დღით ადრე შეძლებენ.
უწყების ცნობით, ტესტის ჩხირები, გლუკომეტრები და ლანცეტის ნემსები, საქართველოს მასშტაბით, 60 აფთიაქში იქნება ხელმისაწვდომი.
დიაბეტის მართვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სახელმწიფო სრულად აფინანსებს და ბენეფიციარებისთვის სრულიად უფასოა.