გელათის სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტები შეისწავლიან

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან  იმყოფებიან და, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მონასტერში არსებულ მდგომარეობას ეცნობიან. პირველადი დაკვირვების შემდეგ სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები მონასტერში აქტიურად გაგრძელდება.

,,ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება, რომელსაც იტალიელი სპეციალისტები აკმაყოფილებენ. გელათი ამას იმსახურებს. მათ გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე, ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ტაძარი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში. პირველ ეტაპზე, მოშორდება არსებული დუღაბი და დაიწყება მისი გამოშრობა“,- განაცხადა  დავით გარეჯის ერთ-ერთმა მღვდელმსახურმა.

გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა.  დღევანდელი მდგომარებით, მონასტერში მძიმე სიტუაციაა. გარდა სახურავისა, დაზიანებულია ფრესკის ნაწილებიც. იტალიელი სპეციალისტები  მონასტრის რეაბილიტაციას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.


პოდკასტი