,,აქციე ტყე შენი ცხოვრების ნაწილად“ – საქართველოში ახალი პლატფორმა ,,ტყის მეგობარი“ შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინიციატივით, ახალი პლატფორმა ,,ტყის მეგობარი“ შეიქმნა. პროექტის პრეზენტაცია ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. მოხალისეობრივი პლატფორმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამისა და ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის ხელშეწყობით შეიქმნა.

ორგანიზატორების განცხადებით, სატყეო სექტორში საზოგადოების აქტიურობის გაძლიერება მეტად მნიშვნელოვანია. პროექტში ჩართულობა შეუძლია ყველას- კერძო კომპანიებს, მოხალისეებს, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე იდეის გარშემო გაერთიანებულ ჯგუფებს.

,,ტყე ჩვენი საგანძური და უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა  და დაცვა სჭირდება. ჩვენი დღევანელი ღონისძიებაც ამას ემსახურება. ჩვენი მიზანია, რომ ამ პლატფორმის მეშვეობით მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა, დარგის პროფესიონალებთან ერთად,  ჩაერთონ ტყის მოვლა-აღდგენისა და დაცვის ღონისძიებებში. მნიშვნელოვანია, გავერთიანდეთ ჩვენი უნიკალური რესურსის დასაცავად და ვიზრუნოთ მასზე“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

პლატფორმაზე დარეგისტრირებული მონაწილეები არჩეული პროექტების მსვლელობას ონლაინ რეჟიმში მიადევნებენ თვალს და, როგორც დარგის სპეციალისტებისგან, ასევე გარემოსდამცველებისგან, საინტერესო და სასარგებლო თემატურ ინფორმაციას მიიღებენ.

განახლებული ტყის მართვის გეგმების მქონე სატყეო უბნების გათვალისწინებით, 2023 წლის ბოლომდე, ტყის გაშენების სამიზნე რეგიონებია: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთი. 2024 წლიდან კი პლატფორმა ყველა რეგიონს მოიცავს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი