საფრთხე, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებიდან გვემუქრება
21-ე საუკუნეში, თანამედროვე ტექნოლოგიებს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს.
ჩვენს ყოველდღიურობაში, დღითიდღე იზრდება სოციალური, ფინანსური, თუ სამუშაო დამოკიდებულება ციფრული ტექნოლოგიებზე, რაც ერთი მხრივ ძალიან მარტივი და კომფორტულია, მეორე მხრივ კი კიბერ რისკებს შეიცავს.
ამერიკული ორგანიზაციების თითქმის 89.7% წელიწადში ერთხელ მაინც ხდება კიბერშეტევის მსხვერპლი. მათ შორის, ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა: Facebook, Twitter, Instagram და სხვა. იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული კიბერშეტევები აპლიკაციის მომხმარებლებს, პირდაპირპროპორციულად, ნაკლებად გვეხება, ყოველი თავდასხმის დროს, სწორედ ჩვენი პერსონალური მონაცემები, მიმოწერები, სურათები და ვიდეოებია ხელმისაწვდომი.
უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ხშირად კიბერთავდასხმის ტიპებს: ვიშინგს, სმიშინგს, ფიშინგსა და ფარმინგს იყენებენ. ვიშინგის დროს, სატელეფონო ზარის საშუალებით, გიკავშირდებათ პირი, რომელიც მოტყუებით თქვენი პერსონალური მონაცემების დადგენას ცდილობს. ასეთ დროს, ხშირად ბანკის სახელით გიკავშირდებიან, ამიტომ ნებისმიერი სახის შემოთავაზებისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ ზარი ნამვდილად ოფიციალური წარმომადგენლისგანაა, რაც მარტივად, კომპანიის ოფიციალურ ცხელ ხაზზე დარეკვით შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
რაც შეეხება სმიშინგს, ამ დროს მომხმარებელს ტელეფონზე შეტყობინების სახით მისდის ესა თუ ის შეთავაზება, თანდართული ბმულით, რომელზე გადასვლის შემდეგაც, ითხოვენ პირადი ინფორმაციის შეყვანას. ამ შემთხვევაში აუცილებელია დააკვირდეთ სმს-ის გამომგზავნს და შეტყობინების უტყუარობა კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გადაამოწმოთ.
ფიშინგის დროს, კიბერდამნაშავეები მომხმარებლის პირადი თუ ფინანსური, მათ შორის საბანკო რეკვიზიტების შესახებ, ინფორმაციის მიღებას ელექტრონული ფოსტის საშუალებით ცდილობენ. ამ დროს, ელ. ფოსტაზე შეტყობინებას იღებთ, რომ ესა თუ ის ანგარიში თქვენი მონაცემების განახლებას საჭიროებს, რისთვისაც გამოგზავნილ ბმულზე უნდა გადახვიდეთ. ბმულზე გადასვლის შემდეგაც კი, იმდენად მიმსგავსებულია საიტის დიზაინი ოფიციალურ გვერდთან, რომ რთულია სიმართლის გაგება. ამიტომ, საჭიროა კარგად დაკვირვება და ჩაძიება.
ფარმინგი ზემოთ აღნიშნული კიბერთაღლითობის ფორმებისგან მკვეთრად განსხვავდება. ის კიბერდამნაშავის მხრიდან მომხმარებლის სერვერზე საშიში კოდის განთავსებით იწყება, რის შემდეგაც „მსხვერპლი“ ყალბ ვებგვერდზე ხვდება, სადაც პირადი ინფორმაციის შეყვანას სთხოვენ. აღნიშნული კიბერთაღლითობა ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც მომხმარებელი დაუცველი როუტერებიდან შედის ინტერნეტში. ამიტომ, სასურველია არ დაუკავშირდეთ საჯარო Wi-Fi-ებს და როუტერის პაროლიც პერიოდულად განაახლოთ.
თაკო ბოკუჩავა