კონკურსის ,,მწვანე ჯილდო 2023“ გამარჯვებულები უკვე ცნობილია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის ,,მწვანე ჯილდო 2023“ გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ. უწყების ინფორმაციით, ,,მწვანე ჯილდო- სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2023“ თბილისის N19 საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ნათია მუმლაძემ მოიპოვა, ,,მწვანე ჯილდო-გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში 2023“ კი გორის მუნიციპალიტეტის N 12 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, ასმათ ლეჟავამ. გამარჯვებულები და საკონკურსო კომისიის რჩეული მონაწილეები სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. მათ ჯილდოები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ გადასცა. გამოცხადებულ კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

,,თანამედროვე გამოწვევების გამკლავებისთვის ერთ-ერთი მთავარი  გზა განათლებაა. ამ გზაზე მასწავლებლების როლი უმნიშვნელოვანესია და ამისთვის მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ღონისძიება დაიგეგმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში, რომელსაც მსოფლიო 5 ივნისს აღნიშნავს. იმისთვის, რომ გვქონდეს ჯანსაღი გარემო, მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა. ყველა გატარებული რეფორმა ერთობლივი ძალისხმევის ნიშანია“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კონკურსი ,,მწვანე ჯილდო“, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, 2018 წლიდან ტარდება. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სპეციალურ სახელმძღვანელოებს და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად.