პირველად საქართველოში, მასშტაბური ღონისძიება ,,Wedding Fair” ჩატარდა
ცნობილი ადამიანები კომპანია ,,მარიგოლდის“ საქორწილო კაბებში, ექსკლუზიური ჟურნალის ,,Wedding Fair” პრეზენტაცია, საქორწილო კაბების გამოფენა, სემინარები ქორწინებასა და უახლესი ტენდენციების შესახებ, ქართველი დიზაინერებისა და ბრენდული კომპანიების გამოფენა, ფოტოსესია, გათამაშება და მუსიკალური ნომრები- ყველაფერი ეს ერთ სივრცეში და ერთი ღონისძიების ფარგლებში.
ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას ,,Wedding Fair” ,,ლისი ივენთ ჰოლმა“ უმასპინძლა. საღამოს სულის ჩამდგმელები და ორგანიზატორები კი კომპანია ,,მარიგოლდი“ და ტელეჟურნალისტი თამთა კვარაცხელია გახლდათ.
ღონისძიება ნინო ანანიაშვილის დასის მოცეკვავეებმა პერფორმანსით გახსნეს, არაერთმა ცნობილმა სახემ კი ,,მარიგოლდის“ უმშვენიერესი საქორწილო კაბების ჩვენება მოაწყვეს. ,,ივენთ ჰოლის სივრცე“ დიზაინერების ექსკლუზიური ნამუშევრებით შეივსო, რომელიც მათ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს; ბრენდული კომპანიები კი თავისი ნაწარმით წარდგნენ; ფსიქოლოგებმა ქალბატონებისთვის ქორწინებასა და ოჯახურ ურთიერთობებზე სემინარები ჩაატარეს; გათამაშდა არაერთი საინტერესო საჩუქარი და შედგა ექსკლუზიური ჟურნალის ,,Wedding Fair” პრეზენტაცია, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია პატარძლებისთვის; ღონისძიების ფარგლებში, ოფიციალურად დარეგისტრირდა ერთი ქორწინებაც; საღამოს მუსიკალური ნომრებით კი მომღერალი ანდრია გველესიანი და ბენდი აფორმებდა. ღონისძიების მთავარი მიზანი ქორწინების პოპულარიზაცია და მყარი ოჯახის შენარჩუნება იყო.
,,სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს დაახლოებით 15 000- მდე განქორწინება დაფიქსირდა. სწორედ ამ შემაშფოთებელმა მონაცემებმა გადაგვაწყვეტინა კომპანია ,,მარიგოლდთან“ერთად აქციის მოწყობა“,- აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ.
საღამოს მასპინძლები, კომპანია ,,მარიგოლდის“ წარმომადგენლები, ნინო ექსეულიძე და ნიაკო ბლიაძე გახლდათ, რომლებმაც თითოეულ სტუმარს დაუვიწყარი დღე აჩუქეს. საღამო შედგა. ღონისძიებაზე ,,Wedding Fair” იყო ბევრი ემოცია, სიხარულის გაზიარება და ბედნიერი სახეები. ამ ყველაფრისთვის კი საუკეთესო პროფესიონალებმა იზრუნეს.
ლიკა მაჩხანელი