ქუთაისი ,,გემო ფესტს“ უმასპინძლებს

17-18 ივნისს, ქუთაისი ,,გემო ფესტს“ უმასპინძლებს. ,,გემო ფესტი“  ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ჩატარდება. გასტრონომიური ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები, რომელსაც ფესტივალის სტუმრები დააგემოვნებენ. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, გამოცდილი შეფ – მზარეულები მონაწილეებს შეარჩევენ და მასტერკლასებს ჩაუტარებენ. რაჭისა და სვანეთის შემდეგ, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია ფესტივალს უკვე მესამედ ჩაატარებს.

,,ამჯერად, ,,გემო ფესტს“ იმერეთი მასპინძლობს. საბოლოო სამზადისს გავდივართ, რათა 17-18 ივნისს, სტუმრებს მრავალფეროვანი კერძებით მზად დავხვდეთ. ველოდებით ბევრ სტუმარს, რათა იმერლების მიერ მომზადებული კერძები დააგემოვნონ და ასევე გაიცნონ მონაწილეები. ყველა ძალიან საინტერესო ადამიანია. ფესტივალზე ჩამოსულ სტუმრებს დახვდებათ ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემო“,- აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შიდა ტურიზმის სტიმულირების სამმართველოს უფროსმა, ეკა ყოლბაიამ.

,, მინდა წარმატებები ვუსურვო ფესტივალში ჩართულ ადგილობრივ კერძო სექტორს. ვიმედოვნებ, რომ ამ პროექტით მიღებული გამოცდილება გამოადგება როგორც მათ, ასევე ჩვენს რეგიონს. ვფიქრობ, რომ დატვირთული ტურისტული სეზონისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება, მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა იმერეთის დმო-ს ხელმძღვანელმა მარი დევიძემ.

,,გემო ფესტის“  მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონებში გასტრო ტურიზმის განვითარებას, ქართული სამზარეულოს გამრავალფეროვნებას, ახალი გემოების აღმოჩენას, ქართული სთრითფუდის შემქნას, რეგიონებში მცირე ბიზნესის განვითარებასა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას.


პოდკასტი