საქართველოში ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო ფესტივალი  5 ივლისს დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფესტივალი მწერლის 95 წლისა და ოზურგეთის თეატრის 155 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნება. ღონისძიება ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის, ნოდარ მაჭარაშვილის სპექტაკლით ,,ავი მუსაიფი“ გაიხსნება, რომელიც რეჟისორმა დიმიტრი ღვთისიაშვილმა დადგა. სპექტაკლში მონაწილეობას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობები მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში, ნოდარ მაჭარაშვილი კიდევ ერთი რომანის ,,ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარადგენს, სადაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიის ,,მოდი ნახე“ მსახიობები ითამაშებენ. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეა. როგორც ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და ფესტივალის დამფუძნებელმა, ვასილ ჩიგოგიძემ აღნიშნა, ფესტივალი წელს მეტად მასშტაბური იქნება. 17 ქართული და 8 უცხოური თეატრი მაყურებლის წინაშე არაერთი საინტერესო სპექტაკლით წარდგება.  ფესტივალის მთავარი სლოგანია ,,ნოდარ დუმბაძე – ქართული მწერლობა“.

,,27 სპექტაკლიდან,  5 სპექტაკლის ჩვენება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოხდება. ერთ-ერთი სპექტაკლი გახლავთ ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის პროდუქცია ,,ცის კარი“,  რომლის რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი გახლავთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფესტივალის დღეები სტუმრებისთვის იყოს სადღესასწაულო. ფესტივალის დღეებში, მაყურებლები არაერთ ცნობილ და მათთვის საყვარელ სახეებს იხილავენ“,– აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

ნოდარ დუმბაძის IV საერთაშორისო ფესტივალზე 9 წევრიანი ჟიური იქნება წარმოდგენილი- 5 ქართველი და 4 უცხოეთიდან მოწვეული სტუმარი. გამარჯვებული სპექტაკლი 10 000 ლარით დაჯილდოვდება.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი