,,ადამიანის უფლებები ყველასთვის – მეორე ფაზა“ – ორდღიანი ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს ეძღვნება

ცენტრალური საარჩევნო კომისია ორდღიან ტრენინგს მასპინძლობს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ტრენინგის ფარგლებში მეტ ინფორმაციას მიიღებენ. სწავლება, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მხრივ, თანამშრომელთა გადამზადებას ისახავს მიზნად.

ტრენინგის მონაწილეები ექსპერტებისგან, ანა არგანაშვილისაგან და მარიამ მიქიაშვილისგან, ინფორმაციას მიიღებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია, მისი ძირითადი პრინციპები, უფლებები, აღსრულებისა და მონიტორინგის მექანიზმები, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკური პრინციპები, შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობა და სხვა.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის დემოკრატიული მმართველობის გუნდის ლიდერმა, გიგი ბრეგაძემ გახსნეს.

გიორგი კალანდარიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების მიმართულებით, ადმინისტრაციის ხედვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

,,სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჩვენი უწყებისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ საქმიანობებზე და აქტივობებზეა აგებული. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების ფონდთან, რომელიც ადმინისტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, მათთან მჭიდრო თანამშრომლობით, მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება შევძინოთ ჩვენს თანამშრომლებს“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

სწავლება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,ადამიანის უფლებები ყველასთვის-მეორე ფაზა“ ფარგლებში ორ ეტაპად განხორციელდება. მასში მონაწილეობას 40-ზე მეტი თანამშრომელი მიიღებს.


პოდკასტი