ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარი, როგორც “ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, თავის წერილში, შემდეგი სიტყვებით აღწერს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს: “ყოველი ქართველი როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში… წმინდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი”.
მახათას ტაძარი თანამედროვე ქართულ-მართლმადიდებლური კათედრალია, რომელიც თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მახათას მთის ფერდობზე მდებარეობს. ყველაფერი 2002 წელს უწმინდესის იდეით დაიწყო, რომ მახათას მთაზე აშენებულიყო ღვთისმშობლის სავანე – ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის “ივერონის” ანალოგი.
უწმინდესმა დააფუძნა “ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი”, რომელსაც მახათას მთაზე უნდა აეშენებინა ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. საძირკვლის კურთხევაში პატ
რიარქთან ერთად ათონის მთის 13 მონასტრიდან ჩამოსული ბერები მონაწილეობდნენ.
მონასტერში პირველად იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2006 წელს დასრულდა. 2010 წლიდან უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სავანის მშენებლობაში სრულიად საქართველო ჩაერთო.
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სპილენძის სახურავით არის გადახურული. საკურთხეველში იატაკი იტალიური და ქართული, სალიეთის (ჭიათურა) მარმარილოთია მოპირკეთებული. გუმბათის წვერზე 5,1მ სიმაღლის ჯვარია აღმართული.
ისტორიაში პირველად ტაძრისთვის ზარები საქართველოში ჩამოისხა. მათი ჟღერადობა უნიკალურია. ხუთივე ზარი – დედო ზარი, მიმტევებლობის, მონანიების, მოხმობის და სიხარულის – ბრინჯაოსია. ისინი სხვადასხვა ზომისაა, ყველაზე დიდი – 1,5 ტონას იწონის, პატარა კი ნახევარ ტონას.
ტაძრის კონსტრუქცია 2015 წელს დამთავრდა, პერანგით შემოსვა კი — 2017წელს. 2016 წელს დაიგო სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა. ტაძარი 2019 წლის 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე იკურთხა.
ავტორი- ელენე ვადაჭკორია

