პენიტენციურ დაწესებულებებში იუსტიციის სახლები იხსნება
დღეიდან, მსჯავრდებულებისთვის იუსტიციის სახლის სერვისების მიღება სასჯელის მოხდის ადგილზეა ხელმისაწვდომი. იუსტიციის სახლის პირველი ფილიალი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრმა გახსნა. იუსტიციის სახლის ფილიალი ამოქმედდა რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაშიც. უწყების ცნობით, პროექტი ქართული ინოვაციაა და ანალოგი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ აქვს.
პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფთათვის, იუსტიციის სახლის 50- ზე მეტი სერვისია ხელმისაწვდომი, მათ შორის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აღება, დაბადების რეგისტრაცია, არასრულწლოვან შვილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა, ატესტატის აღება და ასე შემდეგ. სერვისის მიღებას მსჯავრდებულები წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ. ფილიალები პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებსაც მოემსახურება. პროექტი იუსტიციის სახლსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
დღემდე, პატიმრობაში მყოფ პირებს მესამე პირისთვის გაცემული მინდობილობის საფუძველზე შეეძლოთ სერვისის მიღება, ან იუსტიციის სახლთან წერილობითი კომუნიკაციით. ორივე შემთხვევაში, სერვისი ხანგრძლივ დროსა და არასაკმარისად მოქნილ პროცედურებს ითვალისწინებდა. პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ, მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ისეთივე კომფორტული იქნება, როგორიც იუსტიციის სახლის ნებისმიერი ვიზიტორისთვისაა. სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლების ინტერიერთან.
იუსტიციის სახლის ფილიალები, სხვა დაწესებულებებშიც ეტაპობრივად ამოქმედდება.