სვანური ტრადიციული დღესასწაული, რომელიც აქტუალურობას დღემდე არ კარგავს

ლამპრობა, რომელიც მირქმის ქრისტიანულ დღესასწაულს უკავშირდება, სვანეთში, წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ხალხური დღეობაა და ყოველწლიურად სამჯერ აღინიშნება. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, დღეობა სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად იმართებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს, საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიითა და შინაარსით კი, ეს ძველ მიწადმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია. რაც შეეხება მიცვალებულთა საფლავებზე ლამპრების დანთებას, ეს ადგილობრივი ტრადიციაა. ივანე ჯავახიშვილის ,,ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული დღეობა იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.

ძველ დროში, ლამპრობის დღესასწაული ძირითადად 1 თებერვალს იმართებოდა, თუმცა ახლა მოძრავი დღესასწაულია. მისი მიზანი  მოსავლიანობისა და საქონლის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა იყო. ქვემო სვანეთში წინასწარ დამზადებული არყის ან მუხის გამხმარი და დაჩეჩქვილი ტოტებისგან გაკეთებულ „ლამპრებს“ ანთებდნენ. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. რატომ არყის ხე? თქმულების თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ. ბოროტმოქმედებისგან ის გზაზე მდგარმა არყის ხემ დაიცვა, ტოტები ჩამოუშვა და მაცხოვარი შეიფარა. ქრისტემ ხე დალოცა და აღუთქვა, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ.

ზემო სვანეთში ლამპრობას „სვომონობასაც“ ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის საგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის – ბერიკაობა-ზეენობის მსგავსად იმართებოდა. სახელწოდება „სვომონობა“ ამ დღესასწაულმა სვიმონ უფლისმოქმედის სახელის მიხედვით მიიღო (როდესაც დღესასწაულის გაქრისტიანების მიზნით მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა).

წინათ, მესტიის რაიონის სოფელ ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში რიტუალური კვერები მიჰქონდათ და  ზედაშეს სმა იმართებოდა. ეკლესიიდან ხალხი იმ ოჯახში მიდიოდა, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო. სვანები მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას ანთებული სანთლებით უვლიდნენ, იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა და ფერხული ,,ლამპრული“. მეორე დღეს კი წმინდა მარიამისა და წმინდა გიორგის ლამპრობა იყო. როგორც ვიცით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ.

ლამპრობისთვის სვანეთში განსაკუთრებულად ემზადებიან. სავალდებულოა, რომ ოჯახში სიმშვიდე იყოს. მათ ჯერათ, რომ ამღვრეული გულით მიტანილ ლამპარს ღმერთი არ შეიწირავს. ამ დღეს, ოჯახის დიასახლისი ლემზირებს ამზადებს. ლემზირი რომელიმე ღვთაების ან მფარველი არსების სახელზე შესაწირი პურია, რომელიც ყველის გულსართით ცხვება.

დღესდღეობით, სვანეთში “იმპროვიზირებული ლამპრობა” ტურისტებისთვისაც აღინიშნება და სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაციას ემსახურება. წარმოდგენილია ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით იმართება.

ლამპრობის შესახებ პირველი ცნობები „ქართლის ცხოვრებაშია“ აღწერილი. ამ დღეობას სვანები ,,ლიმპჲარის“ ეძახიან და ქართულად ლამპრობას ნიშნავს.