,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“  უკვე გამოიცა. წიგნის წარდგენას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კრებულში ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილისა და მისის მეუღლის  450-ზე მეტი წერილია შესული, რომელთა ქრონოლოგია 1905-1939 წლებს მოიცავს. გამოცემა საინტერესოა როგორც მკლევართათვის, ასევე დაინტერესებული მკითხველისთვის. ნაშრომის კონსულტანტი ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი თარხუჯ ჯავახიშვილია.

,, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი იყო ივანე ჯავახიშვილი ყოფით გარემოში. ჩვენი საზოგადოება მას იცნობს როგორც დიდ ისტორიკოსს და მეცნიერს. ამ ეპისტოლური მემკვიდრეობის გამოცემით, ჩვენ შეგვიძლია ის დავინახოთ ოჯახურ გარემოში. გამოცემა წარმოადგენს ისტორიულ წყაროს. ის არის ძალიან საინტერესო მასალა ივანე ჯავახიშვილის ბიოგრაფიისთვის“,- აღნიშნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

,,ეს გამოცემა საინტერესოა ორი თვალსაზრისით. ერთი ის, რომ სრულიად ახლებურად დაგვანახებს ივანე ჯავახიშვილის პიროვნებას და მეორე, საინტერესოა, როგორც დოკუმენტური წყარო. ამ ბარათებში მოთხრობილია ისეთი ამბები, რომელთა შესახებაც ისტორიკოსებმა და მეცნიერის მკვლევრებმა შეიძლება ნაკლებად იცინ“,- თქვა წიგნის მთავარმა რედაქტორმა ზურაბ გაიპარაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, წიგნის წარდგენასთან ერთად, საქართველოს ფოსტის მარკების გამოფენაც გაიმართა. მარკები უნივერსიტეტის, მისი დამაარსებლისა და სხვა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, მწერალთა და პოეტთა თემატიკაზეა შექმნილი.

,,მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფოსტასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა შედგა. ჩვენ, ბოლო წლებია, სხადასხვა ალბომებისა და წიგნების გამოცემაზე ვმუშაობთ. ამ გამოცემაში წარმოდგენილია მკითხველისთვის უცნობი ილუსტრაციები და  ჩანაწერები“,- აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მისივე თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ფოსტას შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პირველი ქალი კურსდამთავრებულის, მედეა ღამბაშიძის შესახებ ალბომის გამოცემას გულისხმობს.

ივანე ჯავახიშვილისა და მისი მეუღლის, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის წერილები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

როგორ კითხულობდნენ ანტიკურ ხანაში და როდიდან მოდის უტყვად წაკითხვის ტრადიცია

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ნიკო ლორთქიფანიძე-ღირსების მასწავლებელი” – სკოლის ექსკურსია საინტერესო პრეზენტაციით

პოდკასტი