,,მეტი სისხლი-მეტი სიცოცხლე“ -14 ივნისი სისხლის დონორის მსოფლიო დღეა

14 ივნისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიოს ყველა ქვეყანა სისხლის დონორის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიო მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობითა და უანგაროდ გასცემენ სისხლს. კამპანიის მიზანია გაიზარდოს ცნობიერება სისხლის უანგარო და მოხალისეობრივი დონაციის მნიშვნელობის შესახებ.

2023წლის სისხლის დონორის მსოფლიო დღის კამპანიის სლოგანია: ,,გაიღე სისხლი, გაიღე პლაზმა, გააზიარე სიცოცხლე, გააზიარე ხშირად“.

თოთოეული ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს, ან პლაზმას, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს პაციენტებისთვის, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ ტრანსფუზიას. საქართველოში სისხლის გადასხმა სჭირდება წელიწადში 10-15 ათას ადამიანს. ერთჯერადად ჩაბარებული სისხლით კი შესაძლებელია 3 ადამიანის სიცოცხლის ხსნა. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ 3 წამში პაციენტებს სისხლის პროდუქტები ესაჭიროებათ. სისხლის მარაგებზე მოთხოვნა საქართველოშიც დიდია, ვინაიდან ხშირია უბედური შემთხვევებისა და სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტების შედეგად დაშავების მაჩვენებლები. განსაკუთრებით დეფიციტურია სისხლის პროდუქტები აქტიურ საზაფხულო სეზონზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს უანგარო დონორობა.

უსაფრთხო სისხლის საჭიროება უნივერსალურია. იგი ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც მკურნალობის, ასევე სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების დროს. უსაფრთხო სისხლი არა მარტო ეხმარება პაციენტებს სიცოცხლისთვის საშიშ დაავადებებთან ბრძოლაში, არამედ მაღალი ხარისხით უხანგრძლივებს სიცოცხლეს. სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა საგანგებო მდგომარეობის, ასევე მშობიარობისა და ახალშობილთა მართვის დროს.

სისხლის დონორობა 18-დან 65 წლამდე , ჯანმრთელ ადამიანს, ყოველ 2 თვეში ერთხელ შეუძლია და ის სრულიად უსაფრთხოა.


გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის თვიდან იქნება ხელმისაწვდომი

გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა

საცხენოსნო თერაპია შშმ პირებისთვის

პოდკასტი