ქალაქი, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ – თბილისური სადარბაზოები ძველი ქალაქის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია

ძველი თბილისის ქუჩები, არქიტექტურა და თბილისური სადარბაზოები XIX-XX საუკუნის ისტორის ნაწილია. თბილისის არქიტექტურა, რომელიც არაერთ საუკუნეს ითვლის, მრავალფეროვნებით, მიმზიდველობითა და საინტერესო იერსახით ყოველთვის გამოირჩეოდა. ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებს ძველი თბილისური უბნებიც – მყუდრო ეზოებით, მდიდრული ფასადებით, აივნებითა და თაღებით. XIX საუკუნის ბაროკოს სტილის ფასადებს მიღმა, თბილისური სადარბაზოები იმალება-მდიდრულად მორთული სადღესასწაულო ჰოლებით, მარმარილოს იმიტაციის პანელებით, სალონური ხასიათის მხატვრობითა და ვიტრაჟებით. ამჟამად, თბილისში სულ რამდენიმე ათეული დეკორირებული სადარბაზო შემორჩა. თუმცა, თავის დროზე, ყველა სახლს მეტ-ნაკლებად გაფორმებული შესასვლელი ამშვენებდა.

,,ევროპული“ სტილის სადარბაზოები, თბილისში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და აივნებიანი შესასვლელები ეტაპობრივად ჩაანაცვლა. ტენდენცია გამოიხატა საზოგადოების იმ ფენაში, რომელიც ევროპულ კულტურას ეზიარა და დასავლური ცხოვრება მათი შთაგონების წყარო გახდა. გარდა ამისა, მოხატული და მოჩუქურთმებული სადარბაზოები, რომელსაც იმ დროს ადგილობრივი და უცხოელი მხატვრები ალამაზებდნენ, მაცხოვრებლების წარმოსადეგობას უსვამდა ხაზს.

მოხატული სადარბაზოების კომპოზიციები ამა თუ იმ ცნობილი მოხატულობით, ფერწერული ტილოებითა თუ ქანდაკებებით იყო შთაგონებული. ესკიზებსა თუ პროექტების შექმნაში დეკორატორი-მხატვრები სპეციალურ გამოცემებს, ალბომებს, გრავიურებს, ლითოგრაფიებსა და ილუსტრირებულ ჟურნალებსაც კი იყენებდნენ. ზეთით ან ტემპერით ძირითადად ტილოზე, უფრო იშვიათად კი ბათქაშზე ხატავდნენ. შედარებით მარტივი და გავრცელებული ორნამენტისთვის ტრაფარეტს იყენებდნენ. ნახატის უკეთ შესანახად ზედაპირს ლაქით ფარავდნენ. დეკორის სისტემის შექმნაში ხშირად არქიტექტორებიც კი მონაწილეობდნენ.

თბილისში, სადარბაზოთა მორთვა-მოხატვის საქმეში, უცხოელმა ოსტატებმა დიდი წვლილი შეიტანეს. შეიძლება ითქვას, რომ მათ  ინტერიერის გაფორმების საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრეს ჩვენს დედაქალაქში.

რამდენიმე თბილისურმა სადარბაზომ უცხოელი დეკორატორი-მხატვრის ხელმოწერაც შემოგვინახა. მაგალითად, ბენო ტელინგატერი თბილისური სახლებისა და ბაქოს თეატრების დეკორატორად მუშაობდა. მას მოუხატავს სეილანოვების სახლი გ.ტაბიძის N18-ში და დავით აღმაშენებლის N93-ში  მდებარე სახლის სადარბაზო. ორივე სადარბაზო მსგავსია სიუჟეტური და დეკორატიული მოტივებით. გადმოცემის თანახმად, ბენო ტელინგატერს ეკუთვნის აგრეთვე  ,,ჩინური დარბაზისა“ და ,,გერმანული ოთახის“ მოხატულობა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

დავით აღმაშენებლის N93-ში  მდებარე სახლის სადარბაზო

 

სეილანოვების სახლი გ.ტაბიძის N18-ში

თბილისური სადარბაზოების მოხატულობაში ხშირად შეხვდებით გაშლილი ცის ხედებს, ჩიტებს, გირლანდებს თუ იდეალიზებული ქალის ფიგურებს. ასევე, გავრცელებულია აღმოსავლური და ანტიკური მოტივებიც.

სადარბაზოს მოხატულობებში ხშირია ალეგორიული მოტივებიც. მაგალითად: წელიწადის დროების პერსონიფიკაცები, ბავშვების გამოსახულებები, სხვადასხვა ქვეყნისა და კონტინენტის ალეგორიული გამოსახულებები.

საგანგებოდ აღსანიშნავია თბილისში შემორჩენილი ე.წ. სპარსულ სტილში შესრულებული სადარბაზოები, გაფორმებული ხალიჩისებრი ხასიათის ნაირგვარი, პოლიქრომიული ორნამენტული მოტივებითა და სტალაქტიტებით.

მორთულმა სადარბაზო-ვესტიბიულმა საზეიმო იერი შესძინა თბილისურ სახლებს. ამგვარი ფუფუნებით მოწყობილი სადარბაზოები ძირითადად აღმაშენებელზე, სოლოლაკში, ჩუღურეთსა და ვერაზეა. მრავალი მათგანი სახეშეცვლილი და ნაწილობრივ გადაღებილია, თუმცა, რამდენიმე სახლის სადარბაზო თითქმის  უცვლელად ინახავს პირვანდელ მორთულობას. ძველი შენობების სადარბაზოები დაუფარავად გადმოსცემს იმ დროის არქიტექტურულ და სახელოვნობო მიღწევებს. თბილისური სადარბაზოები ძველი ქალაქის კოლორიტის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ძველი თბილისი, თავისი არქიტექტურით, თბილისური უბნებითა და სადარბაზოებით,  ჯერ კიდევ ცოცხლობს, თუმცა, დღეს ამ ყველაფერს  გაფრთხილება  და მოვლა სჭირდება. სურათი საკმაოდ მძიმეა-თითქმის ყველა სადარბაზოში კედლები დაბზარულია, დეკორი კი ძლიერ დაზიანებული, გამქრალია ქანდაკებები თუ ფილები, მხატვრობა ნახევრად გადაღებილი და გაჭვარტლულია, კიბის მოაჯირები მორყეული, შუქფარები ჩამსხვრეული და ასე შემდეგ.

ძველ თბილისში კიდევ ბევრი რამ არის სანახავი და შესასწავლი.  მისთვის დამახასიათებელი ვიწრო ქუჩები, ძველებური სახლები, აივნები, სვეტები, მოაჯირეები, ქანდაკებები და სხვა ღირშესანიშნაობები განსაკუთრებით მიმზიდველია და თითოეულ მნახველში დიდ ემოციას იწვევს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი