დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა

14 ივნისს, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა. 14 ივნისი, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, საქართველოს პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მედია სააგენტო ,,24“- მა  არასამთავრობო ,,მამიკო”-სა და სოციალური საწარმო ,,დემას” დამფუძნებელი დავით მოსიაშვილი ჩაწერა. დავით მოსიაშვილი 2 შვილის მამაა, წერს ბლოგებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების ადვოკატირებისთვის და ამ მიმართულებით სხვადასხვა ტიპის აქტივობებშია ჩართული. დავით მოსიაშვილმა ეს დღე ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირს და მათ მშობლებს მიულოცა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

  • დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა! მიუხედავად არსებული და არ არსებული კანონებისა, სტრუქტურებისა და ინსტანციებისა, არავინ იცავს მათ უფლებებს, ისე როგორც მშობლები! თითოეული მათგანი ძლიერი და დაუღალავი შრომით, უშიშრად, ჯიუტად და დაუღალავად იბრძვის შვილების კეთილდღეობისთვის! ისინი თავდაუზოგავი შრომის, უძილო ღამეების, არაერთი მოგებული “ომის” ფასად დგანან შვილების გვერდით, ამიტომ, პირველ რიგში, ეს დღე მათ მინდა მივულოცო, მათ წინაშე ქედი მოვიხარო და ვუთხრა მადლობა. შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყველა შშმ პირს. პირველ რიგში, მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მათი უფლებების დაცვა და რეალიზება არა მხოლოდ ფურცლებზე ( როგორც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ხდება), არამედ რეალობასა და ყოველდღიურ ყოფაში ეგრძნოთ.
  •   რამდენად მნიშვნელოვანია ეს დღე მათთვის?
  • ამ დღის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია შშმ თემისთვის. ეს დღე იძლევა  საშუალებას, რომ,  საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწვდინონ ხმა მათი პრობლემების, შესაძლებლობების თუ მიღწევების შესახებ.
  •  დღევანდელი დღე რამდენად დატვირთულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებით?
  • ამ დღის აღსანიშნავად, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი ღონისძიება იმართება, თუმცა რეგიონებში ნაკლებად, რაც სამწუხაროა და იმედია, თანდათან, ამ მიმართულებით რეგიონებიც გააქტიურდებიან.
  • რამდენად აქტიურად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო და საზოგადოება, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მეტად მასშტაბური გახდეს?
  • არა მხოლოდ დღევანდელი დღის აღსანიშნავად, არამედ ნებისმიერი მოწყვლადი ჯგუფის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ამ ჯგუფის წევრების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კოორდინირებული მუშაობა, რადგან მხოლოდ ერთის აქტიურობით შედეგები ნაკლებად მიიღწევა. ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო, ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას, სტრუქტურას რომლებსაც ჩვენი შვილების სასიკეთოდ თუნდაც ერთი პატარა აგური აქვს დადებული ჩვენს ქვეყანაში.

დავით მოსიაშვილი, შვილების, დემეტრესა და მარიამის აღზრდა-განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. დემეტრე წლის და შვიდი თვის იყო, როდესაც  დიაგნოზი- ცერებრული დამბლის ერთ-ერთი ფორმა-დიპლეგია  დაუსვეს. დიაგნოზი ქვედა კიდურების, მუხლების ქვემო კუნთების დაჭიმულობას გულისხმობს. სწორედ ამ ეტაპიდან დაიწყო დემეტრეს და დავითის ბრძოლა პრობლემასთან და შედეგის მისაღწევად დღემდე იბრძვიან. მამა-შვილი  ყველგან ერთად არიან, ყველაფერს ერთად აკეთებენ და ერთად გეგმავენ. უნდა, რომ ბევრმა ადამიანმა დაინახოს და მიხვდეს, რომ იგი ჩვეულებრივი ბავშვია და იმაზე მეტი სიყვარულის გაცემა შეუძლია, ვიდრე ჯანმრთელობის პრობლემის არმქონე ბავშვს.

 

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ორბელიანების სასახლემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებს უმასპინძლა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისთვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის, ანა გოგუაძე ღირსების ორდენით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა. პრეზიდენტმა შშმ პირების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გაძლიერების საკითხსა და ასისტენტის დანიშვნის უფლების რეალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ეს დღე ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს განსაკუთრებულად მიულოცა.

 

,,სახელმწიფომ აღიარა, რომ ზოგიერთი შშმ პირს ყოველდღიურ ცხოვრებაში დახმარება სჭირდება და უნდა დაინიშნოს ასისტენტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია! ყველასთვის უნდა არსებობდეს თანასწორობა და თანაბარი უფლებები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა ღირსების მედლით დავაჯილდოვო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდე, ბარიერების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღე, გისურვოთ კიდევ ბევრი წინსვლა და წარმატება“,– აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ორბელიანის სასახლეში, ასევე, შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაიის ,,მშობლების თანადგომა“ ორგანიზებით  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.

 

,,მნიშვნელოვანია, შშმ პირებს მივცეთ შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარონ და წარმოაჩინონ ის, რისი შექმნაც შეუძლიათ და სწორედ ეს არის კანონმდებლობის რეალურად განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობა“-აღნიშნა სიმონ პეტრიდისიმ.

 

მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ სახელმწიფო და საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების რეალიზება.

მედია სააგენტო ,,24“ ყველა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირს დღევანდელ დღეს განსაკუთრებულად ულოცავს.

 

ლიკა მაჩხანელი


სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

საერთაშორისო ფესტივალს ,,ივერია ბრილიანტი“ ამჯერად რაჭა უმასპინძლებს

სიმონ პეტრიდისი რეგიონებში შეხვედრებს მართავს

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი ამჯერად ხაშურში გაიხსნა

ნიკა გვარამია თავისუფალია- ტელეკომანია ,,მთავარის“ გენერალური დირექტორი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა

პოდკასტი