ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2023 წლის გამოცდების დეტალური განრიგი გამოაქვეყნა. 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები, საგამოცდო პროცესში, 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს, ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია, გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ, საგამოცდო ბარათზე იქნება მითითებული. გამოსაცდელები, საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
2023 წელს, საქართველოს მასშტაბით, 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად, საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნება.