პირველი საფულისა და მრგვალი ფორმის მონეტების ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება
მაშინ, როცა საფულე საერთოდ არ არსებობდა, ადამიანები ფულს მიწაში, ხის ფუღუროებში, ჭაში, ქვის კედლებსა და თიხის ქოთნებში ინახავდნენ. ისტორიული დოკუმენტების მტკიცებით, ფულის შენახვა, ამა თუ იმ ცხოველის ტყავისგან დამზადებულ სპეციალურ ტომსიკებში, პირველად, მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში განთავსებულ უძველეს სახელმწიფოში – ლიდიაში დაიწყეს.
მას შემდეგ, საფულის გამოყენება სხვა ცივილიზაციის ხალხმაც დაიწყო, თუმცა მათი საფულის გარეგნული მხარეები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებოდა. მაგალითად, ეგვიპტეში საფულეს ქსოვილისგან შეკერილი თანამედროვე ჩანთის ფორმა ჰქონდა. ქსოვილისგან იქმნებოდა საფულეები ბაბილონშიც, თუმცა, ისინი ეგვიპტურისგან განსხვავებით, მცირე ზომით გამოირჩეოდნენ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა ძველი ეპოქის იაპონიაში და ჩინეთში გავრცელებულ საფულეებს გააჩნდა. აღნიშნულ ქვეყნებში იჭრებოდა მონეტები, რომელთა შუა ნაწილზეც დატანილი გახლდათ სხვადასხვა ფორმის ნახვრეტები. შედეგად, იაპონელებსა და ჩინელებში, საფულეთა ფუნქციას არა რაიმე სახის ტყავისგან ან რომელიმე ქსოვილისგან შეკერილი საფულეები, არამედ ჩვეულებრივი თასმები ასრულებდა. მონეტები სწორედ გახვრეტილი შუა ნაწილით იკიდებოდა თოკზე.
როგორც ცნობილია, ტომსიკების მსგავსად, პირველი მრგვალი ფორმის მონეტების მოჭრაც, ძველი წელთაღრიცხვით 640-630 წლებში, ლიდიელების სახელთან ასოცირდება.
საფულეები, თანამედროვე ფორმით, საკმაოდ გვიან, მე-17 საუკუნეში გამოჩნდა.
ოქროთი მორთული საფულეები ჰქონდათ თურქ დიდებულებს, რომლებმაც ბიზანტია დაიპყრეს და უზარმაზარი სიმდიდრე ხელში ჩაიგდეს. ევროპაში, საფულის გამოგონება ქაღალდის ფულის დაბეჭდვას დაემთხვა. არსებობს ვარაუდი, რომ, სანამ საფულეს გამოიგონებდნენ, ევროპელები ფულს და მნიშვნელოვან ქაღალდებს ქუდებით და ჩექმებით დაატარებდნენ.
ლიკა მაჩხანელი