თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თბილისის ტერიტორიის შერჩეულ არეალებში, მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასო იქნება.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უამრავი ოჯახია, რომელიც ვერ ახერხებს მიწის რეგისტრაციას, სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ამ პროგრამაში, რომელსაც, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, დედაქალაქი არ იყო ჩართული. შესაბამისად, გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებელობას, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს.

დღეის მდგომარეობით, თბილისის ტერიტორიაზე არსებობს არაერთი დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი, რომელზეც, სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო, ვერ რეგისტრირდება ვერც მუნიციპალიტეტის და ვერც სხვა დაინტერესებული პირების საკუთრების უფლება.

ვინაიდან, საჯარო რეესტრი, ამ მიმართულებით, წარმოადგენს უფლებამოსილ და კომპეტენტურ ორგანოს, პროექტს განახორციელებს საჯარო რეესტრი, ხოლო მის ფინანსურ მხარდაჭერას სრულად უზრუნველყოფს თბილისის მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შერჩეულ არეალებში, საკუთრების უფლებისა და მართლზომიერი მფლობელობის დამდგენი დოკუმენტების საფუძველზე და, ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების სტატუსით, ათასობით მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდება. საუბარია 27 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

პროექტის ფარგლებში, იდენტიფიცირებული იქნება მუნიციპალიტეტის საკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები და განხორციელდება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ფონდის მონაცემების სრულყოფაც.

პროექტი განხორციელდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე, შერჩეულია რამდენიმე პრობლემური ლოკაცია:  დიდგორი, ძველი ვეძისი, დიღომი, კვესეთი, ბეთანია, წყნეთი, ახალდაბა, კიკეთი-საღორისი, კოჯორი, წავკისი, შინდისი და ტაბახმელა. პროექტი 2024 წლის 31 დეკემბრამდე დასრულდება.


„თბილისობის“ დღესასწაულს ეთნოგრაფიული მუზეუმიც შეუერთდება

ეროვნულ არქივში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა

სწავლის დაფინანსების მიზნით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

საზაფხულო საბავშვო ბაგა – ბაღებში რეგისტრაცია იწყება

პოდკასტი