მესტიაში რეანომობილს ზუგდიდიდან იძახებენ
მესტიაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლებელია. მოსახლეობა რეანომობილს ზუგდიდიდან იძახებს. როგორც იქაური მაცხოვრებლები იუწყებიან, მესტიის საავადმყოფოში მხოლოდ პირველადი დახმარების მინიმალური სერვისების მიღებაა შესაძლებელი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაუყოვნებლივ მიღება კი, ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც სვანეთში უშუქობის პრობლემასაც უკავშირდება. მათი თქმით, საკურორტო მხარეში ამ სერვისების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
„საავადმყოფო არის ყველაზე დიდი საცოდაობა მთელ სვანეთში. ანალიზის გაკეთებაც კი შეუძლებელია და ამისთვის თბილისში დავდივარ. ასეთი კატასტროფა სხვა რა შეიძლება იყოს 21-ე საუკუნეში, არ ვიცი. ადამიანს, როდესაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება, ამ დროს რეანომობილს ელოდება ზუგდიდიდან“, – აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
მოსახლეობას ეს პრობლემა განსაკუთრებულად აწუხებს. გარდა ადგილობრივებისა, ტურისტებსაც ხშირად სჭირდებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. საკითხის მოგვარებას წლებია ითხოვენ, თუმცა, პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება, სვანეთში რეანომობილის საკითხი ისევ გადაუჭრელია, ადამიანები კი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე არიან. ადგილობრივების თქმით, მესტიაში ზოგჯერ ტრავმატოლოგებს იწვევენ, თუმცა ეს საკმარისი ნამდვილად არ არის.