,,ჩვენი სკოლა 100 წლის არის“- რევაზ ლაღიძის სახელობის N4 სკოლა საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება

18 ივნისს, კონსერვატორიის დიდი დარბაზი რევაზ ლაღიძის სახელობის N4 სკოლის საიუბილეო კონცერტს უმასპინძლებს. კონცერტში ,,ჩვენი სკოლა 100 წლის არის“  მონაწილეობას საფორტეპიანო, საორკესტრო, ჩასაბერი, საესტრადო, საგუნდო, სახვითი ხელოვნებისა და თეატრალური განყოფილების მოსწავლეები მიიღებენ. სცენაზე წარმოდგენილი იქნება თითქმის  ყველა მუსიკალური მიმდინარეობა. კონცერტის ბოლოს, აკადემიური გუნდი, მევიოლინეთა ანსამბლის თანხლებით, რევაზ ლაღიძის უკვდავ სიმღერას “თბილისოს”  შეასრულებს, საესტრადო განყოფილება კომპოზიტორ თამარ ვაშაკიძისა და ხათუნა ცენტერაძის ხელმძღვანელობით წარდგება, ყველაზე პატარა გამოსმვლელი კი პირველი კლასის მოსწავლე იქნება. სცენაზე გათამაშდება თეატრალური წარმოდგენა, კონსერვატორიის სივრცეში კი ხელოვნების სხვადასხვა ნიმუშები გამოიფინება. კონცერტისთვის როგორც პედაგოგები, ასევე მონაწილეები განსაკუთრებულად ემზადებიან.

მედია სააგენტო ,,24“, ღონისძიების შესახებ, რევაზ ლაღიძის სახელობის N4 სკოლის პედაგოგს, მევიოლინე ანასტასია დადეშქელიანს ესაუბრა.

„ ნიჭიერთა ათწლედს და საორკესტრო სკოლას ჰყავს ორკესტრი.  სამწუხაროდ, სამუსიკო სკოლების ორკესტრი აღარ არსებობს. ჩემი და დირექციის ერთობლივი მხარდაჭერით, გავბედეთ სწორედ ასეთი მნიშნელოვანი თარიღისთვის შეგვექმნა მოსწავლეთა ორკესტრი. მე პირადად, ძალიან ვღელავ და ვარ მოლოდინით აღსავსე, თუ როგორ წარმოაჩენენ ბავშვები საკუთარ თავს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ, გარდა მოსწავლეებისა, მე და ჩემი კოლეგა, შორენა კიკნაძეც მივიღებთ მონაწილეობას და კახა ცაბაძის არაჩვეულებრივი ,,ვალსით“ მივულოცავთ სკოლას 100 წლის იუბილეს. დასწრება თავისუფალია და ყველას, ვისაც კი უყვარს მუსიკა, ვეპატიჟებით 18 ივნისს, 17.00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში“,- აღნიშნა ანასტასია დადეშქელიანმა.

რევაზ ლაღიძის №4 სამუსიკოს სკოლა ერთ საუკუნეს ითვლის. ეს სკოლა თავად რევაზ ლაღიძემ წარჩინებით დაამთავრა. ამავე სკოლის მოსწავლე გახლდათ ვაჟა აზარაშვილიც და მრავალი სხვა ცნობილი მუსიკოსი.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი