პალიმფსესტური ხელნაწერებით გერმანელები დაინტერესდნენ

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სემინარი, თემაზე ,,პალიმფსესტების გადაღების თანამედროვე ტექნოლოგიები“ ჩატარდა.

სემინარი, არასამთავრობო ორგანიზაციის SCHRIFT BILDER (ბერლინი, გერმანია) დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ფელიქს ალბრეხტმა წარმართა. მან უძველესი ხელნაწერების მრავალსპექტრული 3D გადაღებისა და შემდგომი დამუშავების სხვადასხვა მეთოდებზე ისაუბრა.

ფელიქს ალბრეხტის კვლევის ძირითადი სფერო ძველი აღთქმა და მისი სხვადასხვა ენოვანი ტექსტებია. დოქტორს, ამ სფეროში, არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორისაა-სოლომონის ფსალმუნები და ბერძნული ტექსტი, გერმანული თარგმანით.

ძველი აღთქმის უძველესი ტექსტები, ხშირ შემთხვევაში, პალიმფსესტურ ხელნაწერებშია დაცული. სწორედ ასეთი ხელნაწერების კვლევის აუცილებლობამ განაპირობა ფელიქს ალბრეხტის ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი, რაც საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პალიმფსესტური ხელნაწერების უძველესი, გადაშლილი, ხშირ შემთხვევაში, თითმის სულ დაკარგული ქვედა ფენები. დოქტორი, უკვე 10 წელზე მეტია, მუშაობს პალიმფსესტური ხელნაწერების ამოკითხის სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებზე. მას, ამ სფეროში, განსაკუთრებული მიღწევები აქვს. ფელიქს ალბრეხტმა სრულად გამოავლინა უცხოეთის წიგნთსაცავებში დაცული რამდენიმე სხვადასხვაენოვანი პალიმფსესტური ხელნაწერის ქვედა ფენა.

პალიმფსესტურ ხელნაწერთა გაციფრება და ფოტოების შემდგომი დამუშავება ხანგრძლივი პროცესია. ფელიქს ალბრეხტმა და მისმა კოლეგებმა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გადაიღეს ძველი აღთქმის ტექსტების შემცველი რამდენიმე პალიმფსესტური ხელნაწერი. ეს პირველი ცდა იყო, რის საფუძველზეც სპეციალისტები დაადგენენ, პალიმფსესტების ქვედა ფენების უკეთ წარმოსაჩენად, რომელი მეთოდია უფრო ეფექტური. ხელნაწერების დამუშავებული ფოტოები, შემდგომში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცემა.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი