,,შენმა სიყვარულმა ცხოვრება მასწავლა“- სიყვარულით შექმნილი ,,ნაირას ბაღი“ რუსთავში

,,ვიღაც უნდა გიყვარდეს, რომ გააკეთო. მე  მინდა, რომ ვუკვდავყო ჩემი მეუღლის სახელი.

სანამ მე ვიქნები,  ნაირას ბაღიც სულ იქნება“.

სიყვარულით გაშენებული ბაღის ისტორიაზე უნდა გიამბოთ. ეკონომისტი ნუგზარ ძნელაშვილი, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, პროფესიონალ მებაღედ იქცა. ,,ნაირას ბაღის“  გაშენება 59 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, თითოეული მცენარე თავის გარდაცვლილ მეუღლესთან, ნაირა ძნელაშვილთან ასოცირდება. ადამიანთან, რომელიც ყველაფერს ერჩივნა. ,,ნაირას ბაღი“ სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნა. ახლა ძირითად დროს ყვავილების მოვლაში ატარებს და ტკივილს ასე იმსუბუქებს. დღეს ეს ბაღი მებაღის სათქმელს ყველაზე უკეთ გადმოსცემს.

ბაღის გაშენება მეუღლესთან ერთად დაუწყია. თავიდან ხეხილის ბაღი ყოფილა, სადაც ყვავილებსაც ხშირად რგავდნენ. 3 წელი უვლიდნენ ერთად. მისი გარდაცვალების შემდეგ, მებაღეობა მისი მთავარი საქმე გახდა და ერთადერთ სანუგეშო ადგილად იქცა.  მეუღლის დაწყებული საქმე გააგრძელა და, მისი სახელის უკვდავსაყოფად, ედემის ბაღის გაშენებას აქტიურად შეუდგა. დღეს, ბაღში 100-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის მცენარე ხარობს. ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მცენარეები თავად გამოჰყავს და საკუთარი საქმიანობით მეზობლებიც დააინტერესა.

ერთად 37 წელი იყვნენ. როგორც თავად ამბობს, პირველივე ნახვაზე გადაწყვიტა, რომ სწორედ ის გახდებოდა მისი მეუღლე. სიყვარულით დაოჯახდნენ და ასე, სიყვარულში და ერთმანეთის ზრუნვაში განვლეს წლები. დღეს უკვე მოგონებები დარჩა და ფოტოალბომი, რომელსაც ხშირად ათვალიერებს და იხსენებს იმ ბედნიერ პერიოდს, ერთად რომ იყვნენ. ვერასდროს წარმოიდგენდა მარტოობას, მაგრამ სამწუხარო რეალობას ვერ გაექცა. მისი გახსენების დროს ცრემლის შეკავება დღემდე უჭირს. როგორც ნუგზარ ძნელაშვილი ამბობს,  მეუღლემ ცხოვრება ასწავლა. მისი და შვილის წარმატებაში არაერთი სასიკეთო ნაბიჯი სწორედ მან გადადგა.

რუსთავის პირობებში უჭირს მცენარეების მოვლა და მებაღეობა. მიუხედავად ამისა, პატარა ეზოში არაერთი მნიშნვნელოვანი მცენარე გაახარა. როცა რომელიმე უხმება, ძალიან განიცდის, თუმცა სიძნელეებს არასდროს უშინდება. მებაღე ყოველდღიურად ახალ აღმოჩენებს აკეთებს. საქმეს შემოქმედებითად უდგება. სურვილი აქვს, რომ ამ საქმიანობაში უფრო სიღრმისეულად გაერკვეს და თავისი ცოდნა სხვასაც გაუზიაროს.

ნაირა ძნელაშვილი, რუსთავში, ინგლისური ენის პედაგოგი იყო. დღეს, მისი მოსწავლეები ,,ნაირას ბაღს“ ხშირად სტუმრობენ.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი