ფრინველი, რომელიც ადამიანმა ათასობით წლის წინ მოაშინაურა

პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, მრავალჯერადი კვლევის შედეგად, ერთი საიტენერესო ფაქტი გამოიკვლიეს და დაადასტურეს. მათი მტკიცებით, პირველი ფრინველი, რომელიც ადამიანმა ათასობით წლის წინ მოიშინაურა, ავსტრალიასა და ახალ გვინეაში გავრცელებული კაზუარია. ცნობილი ფაქტია, რომ კაზუარი აგრესიული ქმედებებითა და განსაკუთრებული ძალით გამორჩეული ფრინველია, თუმცა, თუ ფრინველთა გვარის წარმომადგენლები ადამიანთა გარემოცვაში იზრდებოდნენ, ისინი მათ ეჩვეოდნენ და ნაკლებად აგრესიულები ხდებოდნენ.

კაზუარი დიდი ზომის ფრინველია, რომელიც არ დაფრინავს და ემუს ენათესავება. მისი უფრო შორეული ნათესავი აფრიკული სირაქლემა, დარვინის ნანდუ  და ჩვეულებრივი კივია. კაზუარის სამი სახეობა არსებობს. ორი სახეობის საარსებო გარემო ახალი გვინეისა და მიმდებარე კუნძულების ტროპიკული ტყეებით შემოიფარგლება. მესამე, ყველაზე დიდი ზომის სახეობა-სამხრეთული კაზუარი კი ჩრდილოეთ კვინსლენდის ტენიან ტროპიკულ ტყეებშიც ბინადრობს. ზოგიერთი მათგანი ტროპიკული ტყეების სიღრმეში გვხვდება, ზოგი კი ტყის განაპირასაც ცხოვრობს და ტყისპირა სახლების ეზოებშიც ხშირად დაბორიალობს.

კაზუარი, ფაქტობრივად, გაუწონასწორებელი ფრინველია, მისი რეაქცია კი სრულიად მოულოდნელი, რადგან ის უმიზეზოდ თავს ესხმის ადამიანს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, სავალალოდ მთავრდება.

ფრინველს შეუძლია 50კმ/სთ სიჩქარე განავითაროს და 1.50 მეტრ სიმაღლეზე ახტეს. ამასთანავე, შესანიშნავად ცურავს წყალშიც.

კაზუარები იკვებებიან სოკოებით, მუცელფეხიანებით, მწერებით, გველებითა და სხვა მცირე ცხოველებით. ველურ ბუნებაში 12-19 წელი, ტყვეობაში კი 40 წლამდე ცოცხლობენ. მათთვის ბუნებრივ მტერს დინგო წარმოადგენს.

ფრინველის დასახელება ინდონეზიური ენიდან წარმოდგება, აქვს პაპუასური ფესვები და სიტყვასიტყვით ,,რქებიან თავს“ ნიშნავს.

კაზუარი გინესის რეკორდების წიგნში შეტანილია, როგორც ყველაზე საშიში ფრინველი, მთელ დედამიწაზე.


პოდკასტი