თბილისის უნიკალური სიძველეები არ დაიკარგება- ნოდარ სუმბაძის ფოტოზე ასახული სულ სხვანაირი თბილისი

„თბილისი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველდღიური ცხოვრება მის კედლებზე და

ქუჩებში რჩება ვიზუალურად  და ჩემს ტაბულებში სწორედ ეს მინდა რომ ჩანდეს“.

ეს სიტყვები ნოდარ სუმბაძეს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც თბილისის უნიკალურ სიძველეებს ფოტოზე ასახავს და XIX-XX საუკუნის თბილისის ისტორიას სამარადჟამოდ აცოცხლებს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს გვერდით დაიარება ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარს თავისი საქმე.

ხიდები, სახლები, სადარბაზოები, სადარბაზოების კარი თუ მისი სახელურები, აივნები, სვეტები, მოაჯირები, ფასადები, მანსარდები, ფოსტის ჩასაგდები ჭრილები და ასე შემდეგ – ამ ყველაფერს არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე ათეული წლებია ფოტოზე ასახავს,  დაგროვილ მასალას კი სერიებად გამოსცემს. ,, თბილისური ჰერბარიუმი“, თბილისური კოლექცია“, ,,თბილისური სადარბაზოები“, ,,თბილისური ფანჯრები“და ,,თბილისური კატალოგი“- ეს ის წიგნებია, სადაც  განსხვავებულ თბილისს გაიცნობთ. წიგნში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და ფოტომასალას ავტორის მცირე ესეებიც ერთვის .

,,თითქმის ყოველდღე, დატვირთული გრაფიკისა და ყოველდღიური რიტმის მიუხედავად, დროს ვიხელთებ თუ არა, ძველ თბილისში გადაღებებზე გავდივარ. ძალიან ბევრს დავდივარ და თბილისის არქიტექტურის ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდის ფოტოდოკუმენტაციას ვაკეთებ. ამ პროცესის დროს, ჩემი გონება და თვალები ისვენებს“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნოდარ სუმბაძე.

არქიტექტორი, ხელოვნების დოქტორი, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, საქართველოს მხატვართა კავშირის, დიზაინერთა კავშირისა და ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი-ეს მისი რეგალიების ჩამონათვალი გახლავთ. მისი მუშაობის სფერო გრაფიკულ და სამრეწველო დიზაინს, ვიზუალურ კომუნიკაციასა და არქიტექტურის დოკუმენტაციას მოიცავს. ნოდარ სუმბაძეს არა მარტო საქართველოში, ქვეყნის გარეთაც კარგად იცნობენ, მას გამოფენები, გარდა თბილისისა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა.

არქიტექტორი ამ თემით ბავშვობიდან დაინტერესდა. ძალიან უყვარდა კოლექციების შეგროვება და ჰერბარიუმი. ხშირად ახმობდა ყვავილებსა და ფოთლებს წიგნებში.  როგორც თავად ამბობს, შემდეგ, ასე ჰერბარიუმივით, აგროვებდა ძველ თბილისში უნიკალურ სიძველეებს.

“თბილისი ჰერბარიუმია, რომლის გაცრეცილი ფურცლები, შენობები და ეზოები ჯერ კიდევ ინარჩუნებს იქ მცხოვრები მრავალი თაობის დარდს, სიხარულსა და აუხდენელ ოცნებებს. ოთახებსა და სადარბაზოებში ჯერ კიდევ ტრიალებს დროის სურნელი. ამ ქალაქის იერსახის განსაკუთრებულობას, განუმეორებელ “თბილისურ სტილს” აღმოსავლური, დასავლური, ევროპული და აზიური არქიტექტურული მიქსი და ლოკალური გეოგრაფიულ-კლიმატური სპეციფიკა ქმნის”,– ამბობს ნოდარ სუმბაძე.

არქიტექტორს განსაკუთრებით მე-19 სა­უ­კუ­ნის და­სას­რუ­ლი­სა და მე-20 სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის პერიოდი აინტერესებს. ფოტოებზეც სწორედ ამ პერიოდის  თბილისის ისტორიას ასახავს. მისი თქმით, ეს საქმე , პირველ რიგში, მოვალეობად მიაჩნია. უნიკალური სიძველეების ფოტოზე ასახვა მისთვის სერიოზული გატაცებაცაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. წლების განმავლობაში, ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე დადიოდა და ფოტოზე აფიქსირებდა. რამდენჯერ აქვს ფეხით შემოვლილი თბილისი, არქიტექტორს არც კი ახსოვს. ბევრი რამ, რაც გადაიღო, უკვე აღარც არსებობს, შენობები დაანგრიეს ან დაინგრა, შენობის დეტალებს იპარავენ და ყიდიან, ზოგი ჯართში ჩააბარეს, ზოგი ნაგავსაყრელზე გადაყარეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს მტკივნეულად განიცდის, რადგან საკუთარი თვალით ხედავს, როგორ ქრება დედაქალაქის წარსული.

 

თბილისის უნიკალური სიძველეები არასდროს დაიკარგება, რადგან ამ ყველაფრისთვის ნოდარ სუმბაძემ განსაკუთრებულად იზრუნა. მომავალ თაობას ყოველთვის ექნება შესაძლებლობა, ფოტოზე ასახული XIX-XX საუკუნის თბილისი, თავისი ღირშესანიშნაობებით, არქიტექტორის მიერ გამოცემულ წიგნებში დაათვალიეროს.

 

ლიკა მაჩხანელი


პოდკასტი