საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია სოფელ ფიცესის მემკვიდრეობაა
საორბისის წმინდა გიორგის ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიცესის სამხრეთ გარეუბანში, მაღალ კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. ტაძარი 1152 წელსაა აგებული.
ეკლესია დარბაზულია და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებითაა ნაგები. ძლიერ დაზიანებული, ოსტატურად ნაკეთი კანკელი საკურთხეველს დარბაზიდან ყოფს. შენობის თანადროულია მის შიგნით კედლებზე შემორჩენილი მოხატულობის ფრაგმენტები.
საკურთხევლის კონქში ვედრების კომპოზიციააა. ფრაგმენტზე გამოსახულია მაცხოვრის მარჯვენა ტერფი, რომელზეც შერჩენილია ოქროსფერი ოქრას სარჩული და ყავისფერი კონტურის ნაშთი, მოწითალო-ყავისფერი ქიტონის ფრაგმენტი და კვადრატული ფორმის, სწორკუთხედებად დაყოფილი ტახტის ფეხი.
შენობა მაღალ ცოკოლზე დგას. ეკლესიის დასავლეთ ფასადი კლდოვან ფერდს გადაჰყურებს. აღმოსავლეთისა და სამხრეთის სარკმლების განიერი საპირეები შემკულია კარგად ნაკვეთი მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტით. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვერში, ამოკვეთილია თანაბარმკლავიანი ჯვარი. ამავე ფასადზე, სარკმლის თავზე, კედელში ჩასმულ ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ეკლესიის ამშენებლის ვინაობასა და აგების თარიღს გვამცნობს. ეკლესია კახა ერისთავთ-ერისთავს აუშენებია.
1962 წელს, სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ნაგებობა ნაწილობრივ აღადგინა, გადახურა და ფასადები შეაკეთა.
ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.