ხალხური სამოსის მრავალფეროვნება – ტრადიციული კულტურის ნიშნები ხევსურულ სამოსში
ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და ასე შემდეგ – ხევსურები ტრადიციული კულტურის ნიშნებს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ. დღეს ჩვენ ხევსურების სამოსის მრავალფეროვნებაზე გიამბობთ.
ხევსურული ტანისამოსი ჩვენში ცნობილია თავისი ორიგინალობით. მას ახასიათებს თავისებური გამოჭრილობა და მორთულობა. ამ მხრივ ხევსურები განსხვავდებიან სხვა მთიელებისგან.
ხევსურულ ტანისამოსს ტალავარი ეწოდება. ტალავარი შინ მოქსოვილი ტოლისგან, ანუ შალისგან იკერებოდა, რომელსაც ხევსური ქალები ამზადებდნენ. სატალავრო ტოლი სქელი და მოუხეშავი იყო, ამიტომ მას ხელით კერავდნენ.
ქალის ტალავარი რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. ესენია: შალის გრძელი კაბა- სადიაცო, ზემოდან შემოსაცმელი შალისსავე ფაფანაგი ან მოკლესახელოებიანი ქოქლო. ხევსური ქალის თავსაბურავი სათაურა და მანდილი იყო, ფეხსამოსი კი ყელიანი წინდის ფორმის, ძირზე ტყავგამოკრული თაუბი და ტყავის თათები ან ქალამან-წინდა და ბაჭიჭები.
ქალის ტალავარი თავისი ქსოვითა და გამოჭრილობით თუშურ ტალავერს ემსგავსებოდა, ორივე კი ქართული ქალის კოსტუმის ძველ ფორმას წარმოადგენდა.
ზამთარში სადიაცოზე ტყავის ქურქს იცვამდნენ, რომელიც შინაური ცხოველების- თხის, ცხვრისა და ძროხის ბეწვჩაბრუნებული ტყავისგან იკერებოდა. ასეთი ტყავი ჩოხისებურად იყო გამოყვანილი. ხმარობდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ტყავებსაც, რომელთაც ზურგზე ოთხკუთხა დიდი საყელო ეფინა.
ხევსური ქალები, რომლებიც მოკლედ შეჭრილ თმას ატარებდნენ, სათაურას იხურავდნენ. გათხოვილი ქალები მასზე მანდელსაც იხვევდნენ. სათაურა XX საუკუნიდან დამკვიდრდა. მას ამკობდნენ ფერადი მაუდის ჯვარკვერა სახეებითა და მძივ-ღილებით. ქალს უფროსთან მანდელის მოხდა არ შეეძლო და არც ქმრის ნათესავებს მიეგებებოდა მის გარეშე, რადგან მას უზრდელობაში და უპატივცემულობაში ჩამოერთმეოდა. გაუთხოვარი ქალი მანდელს არ ატარებდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ მხარეში მანდილის შელახვა დიდ სირცხვილად ითვლებოდა, ქალები, ჩხუბის დროს, მეშუღლეებს თავიანთი მანდელით აშველებდნენ.
ხევსურ ქალებს გულ-მკერდი შემკობილი ჰქონდათ ვერცხლის შიბით, რომელზედაც ასხმული იყო ვერცხლის მონეტები და ჯვრები. შიბი ძვირფასეულობად ითვლებოდა და მას მხოლოდ შეძლებულები ატარებდნენ.
ხევსური ქალის სამოსელი უხვადაა შემკული ნაქარგით. ნაქარგისთვის იყენებდნენ აბრეშუმის, შალის ან ბამბის ძაფებს, ასევე ვერცხლის სამკაულებს, მონეტებსა და ფერადი ნაჭრების აპლიკაციებს, ნაქარგის ძირითადი მოტივი კი ჯვარი იყო.
მამაკაცთა შესამოსელიდან, ჩოხასთან ერთად, აღსანიშნავია ხევსურული სამოსელი. ხევსურული მამაკაცის ტალავარი თავისი გამოჭრილობით ქართულია და ქართულ პერანგსა და ჩოხას ემსგავსება. მუქასარიანი შარვალი იგივე ტოტბაბთიანი შარვალია, რომელსაც ჩვენში ქალებიც ატარებდნენ.
კაცები შავი ტოლისგან შეკერილ პერანგს იცვამდნენ. პერანგის საბეჭური საგანგებოდ იკერებოდა. მისი მთელი სილამაზე ნაჭრელას მიხედვით ფასდებოდა. ნაჭრელა ორგვარი იყო: აბრეშუმის ნაჭრელა და ნაჭრის ნაჭრელა. აბრეშუმით ნაჭრელი საბეჭური სახით და ფერით უფრო გამოირჩეოდა, მაგრამ რთულად დასამუშავებელი იყო და ძვირად ფასობდა. აბრეშუმის საბეჭური ტილოზე იკერებოდა , რომელსაც შემდეგ ქარგავდნენ და მასზე გეომეტრიული სახეები და თავგრაგნილი ჯვრები გამოჰყავდათ. პერანგის სახელოს მაჯებს კი ფაიფურის თეთრი მძივებით და ღილებით ამკობდნენ. ნაჭრის ნაჭრელას ტილოს კი ქარგი არ სჭირდებოდა და ის პირდაპირ იკერებოდა. მისი ფერადობა და სახე მარტივი იყო. მას ახასიათებდა კვერა და ჯვრიანი სახეები. მასაც, ასევე, მძივ-ღილებით ამკობდნენ, მაგრამ, ნაჭრით ნაკერი აბრეშუმთან შედარებით, მოუხეშავი იყო. პერანგის ზურგი შემკული იყო დაკავკავებული სახეებით, თავგრაგნილი ჯვრებითა და მძივ-ღილებით.
პერანგზე კაცები შავი ან ლურჯი ტოლისგან შეკერილ, გულამოღებულ ჩოხას იცვამდნენ. ის წელში გამოყვანილი იყო და უკან ასხმული ჰქონდა ნაკეცი ნაოჭი, რომელსაც აზღოტს უწოდებდნენ. ჩოხის ზურგზე და ბეჭებზე სირმის გრეხილით შემკული ჯვრები იყო გამოყვანილი.
რაც შეეხება შარვალს, ანუ მუქასარს, მას ახალგაზრდები არ იცვამდნენ. ისინი გრძელ და ჩატანებულ შარვალზე პაჭიჭებს (ბაჭიჭები) იკეთებდნენ. პაჭიჭები ტოლისგან იკერებოდა და მისი ორივე მხარე ფერადი სახეებით იყო დაჭრელებული. ფეხზე წინდა და ყელიანი ქალამანი ეცვათ. აგრეთვე იცვამდნენ დაჭრელებულ და გამოკერებულ თათს. მამაკაცები თავზე თუშური ფორმის მრგვალ ნაბდის ქუდს იხურავდნენ, რომელიც შავი გრეხილით (ნაჭრის შიბა) მოქარგული და თეთრი მძივებით იყო შემკული.
ხევსურებს, როგორც წესი, წელზე ერტყათ ქამარ-ხანჯალი, ხოლო ვისაც მეშუღლე ჰყავდა, მას მხარზე ფარ-ხმალი ეკიდა. ორიგინალური თარგითა და მხატვრული შემკულობით ხევსურულ სამოსს დღემდე ბადალი არ მოეძებნება, არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.
ლიკა მაჩხანელი