ნიკა გვარამია თავისუფალია- ტელეკომანია ,,მთავარის“ გენერალური დირექტორი საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტს ხელი დღეს მოაწერა. ტელეკომპანია ,,მთავარის“ გენერალურ დირექტორს, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, მეგობრები, ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“გულწრფელად გეტყვით, რომ გათავისუფლებას არ ველოდი. არ ვიყავი ამისთვის მზად. უნდა გამოვეხმაურო იმას, რაც სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოაცხადა. ვფიქრობ, მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია, მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის. ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს, ნამდვილად“,- აღნიშნა ნიკა გვარამიამ, საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ტელეკომპანია ,,მთავარის“  გენერალურმა დირექტორმა ის ვიდეოც გაიხსენა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი უცენზურო სიტყვებით მოიხსენია.

,, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ დღეების განმავლობაში. ამ ვიდეოს  მის წინააღმდეგ გამოიყენებენ. მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას“,- თქვა ნიკა გვარამიამ.

მისივე განცხადებით, სურვილი აქვს, რომ არხს გიორგი გაბუნიამ უხელმძღვანელოს. ამ ეტაპზე, მისთვის ყველაზე მთავარი ტელეკომპანიის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანაა.

შეწყალების ფაქტს ჰელსინკის კომისია გამოეხმაურა და პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას გაბედული უწოდა.

როგორც ცნობილია, 19 ივნისს, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე, უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 50 000 ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.საბოლოოდ, ნიკა გვარამიას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

 

ლიკა მაჩხანელი