ციხე, რომელიც განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება
დრისის ჯავახაანთ ციხე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყოპიანას დასავლეთით, მდინარე თეძამის მარცხენა ნაპირზე, კლდის თავზე მდებარეობს. კომპლექსი ციხე-გალავნის, ეკლესიის, კოშკისა და სასახლისგან შედგება და განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება.
ციხესიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა რთული მოხაზულობის ორიარუსიანი გალავანი. ზედა იარუსზე კოშკი და მცირე ეკლესია დგას, გალავნის კედლებში კი ვიწრო სათოფურებია. ქვედა იარუსზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ყოფილა. მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებობები, გარდა ეკლესიისა, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით.
ჩრდილოეთ მხარეს ოთხსართულიანი კოშკი დგას, რომელიც ამჟამად, ძლიერ დაზიანებულია. საკმაოდ დანგრეულია სამხრეთით მდგარი სასახლეც. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია კი დარბაზულია და კარგად გათლილი მწვანე ტუფის კვადრებითაა ნაგები. ტაძრის საკურთხევლის იატაკში წრიული ფორმის ღრმა, ჭურისებრი სათავსია ამოჭრილი . კომპლექსში, ასევე, შესულია სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დაზიანებული სახითაა შემორჩენილი.
დრისის ციხეზე ასვლა შესაძლებელია აღმოსავლეთის მხრიდან ტყეში მიმავალი ბილიკის საშუალებით, დასავლეთის მხრიდან კი გაცილებით რთული გზაა.
დრისის ჯავახაანთ ციხის კომპლექსში მდებარე ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია შესული.
2006 წელს, დრისის ჯავახაანთ ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.