ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

2 წლის წინ, საქართველო ტრაგიკულმა ამბავმა შეძრა. ,, ქართული ხმების“ სოლისტი, 42 წლის ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მომღერალი, რაჭის მშობლიურ სოფელში, ხევში გადაიჩეხა. როგორც იქაური მაცხოვრებლები გადმოსცემდნენ, ე.წ. ქვაგახეთქილას მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,ქართული ხმების“ სოლისტი კლდის პირას იმყოფებოდა, რა დროსაც მიწა მოწყდა და მომღერალი ხევში გადავარდა. სამწუხაროდ, მრავლობითი დაზიანებების შედეგად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ზურაბ ბაკურაძის სახით, საქართველომ კიდევ ერთი ვაჟკაცი, უნიჭიერესი მომღერალი და ყველასთვის გამორჩეული ადამიანი დაკარგა. მომღერლის გარდაცვალებას არაერთი ემოციური პოსტით გამოეხმაურა სრულიად საქართველო, განსაკუთრებით სევდიანი კი მისი მეუღლის, ნათია კობახიძის სიტყვები იყო.

,,ერთი თვე.. ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.. სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები და კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი…უსაშველოა ეს ყველაფერი“,- წერდა ნათია კობახიძე.

 

ზურაბ ბაკურაძის წარსულში გახსენება  დღემდე უჭირთ. მომღერლის ტრაგიკული გარდაცვალება ჯერ კიდევ მოუშუშებელი ტკივილია, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ასევე მისი მეგობრებისთვის. ზურაბ ბაკურაძე, მთელი თავისი ცხოვრება, სიკეთესა  და დიდ სიყვარულს აფრქვევდა. მის სიმღერებში განსაკუთრებულად იგრძნობოდა  მისი ადამიანობა, გულწრფელობა და სულის სიფაქიზე.

2 წლის წინ, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე სამების საკათედრო ტაძრიდან გულწრფელი ცრემლებითა და უკანასკნელი ტაშით გააცილეს. ეს მისი ცხოვრების ბოლო აკორდი იყო.