ატენის ქუჩის პრობლემა “ნაც-ქოცური” პოლიტიკური კინკლაობის საგნად იქცა

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ თბილისის მერიამ ბავშვთა ქალაქ “მზიურის” პარკში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა გასცა, რაც მისივე თქმით, კორუფციული სქემის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითია.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ პროექტი სამშენებლო ნორმატივების და უსაფრთხოების წესების დარღვევით შეითანხმა, რაც აჩენს ეჭვს, რომ მშენებლობის უკან “სახელისუფლებო კლანის წევრების კორუფციული ინტერესები დგას”.

მისივე თქმით, მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი კორპუსები ამორტიზებული და ავარიულია, თუმცა საექსპერტო დასკვნა ისეა შედგენილი, რომ მდგრად ნაგებობად არის წარმოჩენილი.

ამ განცხადებას, თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ამ მისამართზე მშენებლობის ნებართვა, იმდროინდელმა ქალაქის მერმა გიგი უგულავამ გასცა და აღნიშნული განცხადების ავტორებს მოუწოდა შესაძლო კორუფციული გარიგებები წინა ხელისუფლებასთან გაარკვიონ.

მისივე ინფორმაციით, ატენის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვა წარმოუდგენლად მაღალი 10.0 კოეფიციენტით 2011 წელს გაიცა და ამ ტერიტორიაზე მშენებლობაც იმავე წელს დაიწყო.

როგორც რევაზ სოხაძე განმარტავს, ატენის ქუჩაზე მშენებლობის კოეფიციენტი ამჟამად 2-ჯერ არის შემცირებული.

“მშენებლობის კოეფიციენტი განახევრდა, რაც ურბანული თვალსაზრისით დიდი მიღწევაა. მხოლოდ კოეფიციენტის განახევრების შემდეგ, კანონმდებლობის სრული დაცვით და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მშენებლობას მისასვლელი ატენის ქუჩიდან აქვს. რაც შეეხება სხვა სამუშაოებს, თუ იქ რაიმე სამუშაოები უკანონოდ არის ნაწარმოები, ვგულისხმობ ხეების ჭრას და სხვა, ამას მერიის შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან და რეაგირებაც შესაბამისი იქნება“, – აცხადებს თბილისის საკრებულოს წევრი რევაზ სოხაძე.

აღსანიშნავია, რომ ატენის ქუჩაზე 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას მოსახლეობა 2014 წლიდან აპროტესტებს. მათი პროტესტისა და ყველა ინსტანციის სასამართლოს მოგების შედეგად, 2011-დან 2014 წლამდე აღნიშნული მშენებლობის კოეფიციენტი 8.0 გახდა. სასამართლომ ეს კოეფიციენტი უკანონოდ სცნო და მშენებლობა წელიწადნახევრის განმავლობაში შეჩერდა. თუმცა, 2018 წლის 15 იანვარს, თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ ახალი ნებართვა გასცა, რითაც იგივე გადაწყვეტილება, იგივე მშენებლობის ნებართვა გამოიტანა, რაც სასამართლოს უკვე გაუქმებული და უკანონოდ ცნობილი ჰქონდა.

ატენის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ამ ვიწრო ქუჩაზე თუნდაც 15-სართულიანი მონსტრის ჩადგმა ატენის ქუჩას, პრაქტიკულად, მოკლავს.

ლელა დევდარიანი


2 წლის წინ რეაბილიტირებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაანგრევენ – მედპერსონალი აპროტესტებს

რუსთაველის თეატრის მხატვრების შემოქმედებას თბილისში კიდევ ერთი ბინა ინახავს

თბილისელებს მერია ავარიული სახლების რეაბილიტაციის ახალ პროგრამას სთავაზობს

“იქნებ, ნანახის შემდეგ, კალაძე და ქართველი მშენებლებიც გამოფხიზლდნენ” – გამოხმაურება

“აბსოლუტურად არ მეშინია, რომ საქართველო 7-ბალიან მიწისძვრას ვერ გაუძლებს” – არქიტექტორი

პოდკასტი