საჯარო სკოლებში ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით,  დეპუტატებს ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის ფარგლებში, 2022 წელს განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი. მისივე თქმით, სკოლებმა, რომლებმაც ავტორიზაცია ახალი სტანდარტების დამტკიცებამდე გაიარეს, 2024 წლის 1 სექტემბრისთვის, უნდა უზრუნველყონ საქმიანობის შესაბამისობა ახალ სტანდარტებთან.

თამარ მახარაშვილის განმარტებით, ჩამოყალიბდა ავტორიზაციის ოთხი ახალი სტანდარტი – სკოლის ფილოსოფია, სასკოლო კურიკულუმი, სასწავლო პროცესის ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა და მოსწავლეთა მხარდაჭერა.

„ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია. საჯარო სკოლებს უფლება მიეცათ საგანმანათლებლო საქმიანობა წარმართონ 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე. ამ დრომდე უნდა დასრულდეს ავტორიზაციის ეტაპობრივი პროცესი. 2014-2022 წლებში, ავტორიზაცია გაიარა 5-მა საჯარო სკოლამ“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2022 წელს, 2074 საჯარო სკოლაში განხორციელდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების პილოტირება. აღნიშნულ პროცესში შემუშავდა დიაგნოსტიკური თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა, განხორციელდა ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირება და მომზადდა საჯარო სკოლების შესახებ ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების ბაზა.

„საავტორიზაციო მზაობის შესაბამისად, 2023 წლისთვის,  397 საჯარო სკოლა შეირჩა. ავტორიზაციის სიმულაციური შეფასება განხორციელდა 3 საჯარო სკოლაში. 2023 წლის ივნისის მდგომარეობით, მიმდინარეობს 250-მდე საჯარო სკოლის საავტორიზაციო წარმოება“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

სკოლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ავტორიზაციის პროცესის ღიაობა.