დარეგულირდება თუ არა ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი საქართველოში
პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების აუცილებლობასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროფკავშირების წარმომადგენლები, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მოწვეული ექსპერტები, ჯანდაცვის სამინისტროსა და დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომაზე და ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფოს როლი საკითხის გადაჭრის პროცესში, რადგან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპულ ქვეყნებში არსებული სტანდარტი საშუალო ხელფასის 60%-ის მიხედვით ითვლება, თუმცა, საქართველოში, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები წლებია უარს ამბობენ ახალი სტანდარტის შემოღებაზე და გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სიახლე მათზე მნიშვნელოვნად უარყოფითად იმოქმედებს. არსებული საკითხის გათვალისწინებით, პროფკავშირების გაერთიანებამ კიდევ ერთხელ გამოთვალა საქსტატის მიერ დაანგარიშებული საშუალო ხელფასის მიხედვით დასაწესებელი სტანდარტი, რომელიც, დღეის მდგომარეობით, ხელფასის 40%-ის შესაბამისად, 636 ლარს შეადგენს.
პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოსა და ბიზნესს, მისცენ დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული პირობებით მუშაობის საშუალება. გაერთიანება, უახლოეს პერიოდში, საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს კიდევ ერთხელ შეიტანს და მოითხოვს, რომ სასწრაფოდ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასი ჯერ კიდევ ძველი კანონმდებლობით არის განსაზღვრული. საშუალო ხელფასის მიხედვით დაწესებული სტანდარტი 20 ლარს შეადგენს.