კასპის მოსახლეობა მიწებისთვის იბრძვის – ფრანგები თუ არაბები, ვისი სოფელი შენდება წინარეხში
სოფელ წინარეხში ქართული მიწები გასხვისდა. საუბარია 14 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სოფლის საძოვრები იყო, მაგრამ ახლა უცხოური კომპანიის მფლობელობაშია.

კასპის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მიწების დასაცავად იბრძვის. სოფელ წინარეხში ქართული მიწები გასხვისდა. საუბარია 14 ჰექტარ ტერიტორიაზე, სადაც სოფლის საძოვრები იყო, მაგრამ ახლა უცხოური კომპანიის მფლობელობაშია. ეკონომიკის სამინისტრომ ამ მიწებს ჯერ სტატუსი შეუცვალა, შემდეგ კი, არაბებს მიჰყიდა. ტერიტორიაზე არაბული სოფლის აშენება იგეგმება ვილებითა და 2-3 სართულიანი საცხოვრებელი სახლებით.
„შეეჯიბრეთ ერთმანეთს ქვეყნის გაყიდვაში ნაც-ქოცებო, თქვე გველებო! არ და ვერ ააშენებთ ვერაფერს მაგ ადგილას. ეგ ტერიტორია არის ოდითგან სოფლის საძოვრები და დარჩება საძოვრებად!“- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობა საკუთარი ძალებით იბრძვის საძოვრების დასაბრუნებლად, კასპის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს, თუმცა როგორც ჩანს, მათი ხმა არავის გაუგია, რადგან აქტიურად გრძელდება მშენებლობისთვის მზადება, ტერიტორიაზე უკვე პროექტის შესახებ საინფორმაციო ბანერებიც გამოაკრეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ არ დაუშვებენ ამ მიწაზე არაბებისთვის 170 ვილის აშენებას.
იმისათვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი ჩაექროთ, ინკოგნიტო კომპანიის წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაჰპირდნენ. საინტერესოა, რატომ თავად მთავრობა არ ზრუნავს თავისი მოსახლეობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ასეთ დაპირებებს კერძო კომპანიები რატომ იძლევიან?
პრობლემაზე ადგილობრივებს ემოციის გარეშე საუბარი უჭირთ:
„სოფლის ხალხის მოსათაფლად საავადმყოფოს, სკოლას, საბავშვო ბაღის, აუზების, კაფეების აშენებას და უფასო სასადილოს გვპირდებიან. სადამდე დავეცით და გაგვამათხოვრეს?! თქვენ უფასო სასადილოში ჩაცეცხლეთ და ჩვენ აუზებში და კაფეებში ვიგულავებთო!“.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 22 000კილომეტრი! არაბებს 98 000 კილომეტრი! არ დაგითმობთ ამ წმინდა მიწას მუსლიმების საჯიჯგნად! არასდროს არ დაიდგმება აქ მეჩეთი და მინარეთიდან არ იყვირებს მოლა!“.

მაღალაანთ ციხე კოშკი
“ეს არის ქართული მიწები და არ აქვს მთავრობას იმის უფლება, რომ ასე უდიერად მოგვექცეს. მოღალატე და გამყიდველები”, – ასე მოიხსენიებენ გაცხარებული კასპელები მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რის გამოც მოსახლეობა, ამ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგება, აქ არსებული 37 ქართული სალოცავია. აქ არის ისტორიული ნაგებობა, 1679 წლით დათარიღებული მაღალაანთ ეკლესიის კომპლექსი და კოშკები. კომპლექსის სახელწოდება XV საუკუნიდან დაწინაურებული ფეოდალების, მაღალაძეების (მაღალაშვილების) გვარს უკავშირდება. ამ ტერიტორიას არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის დიდი ისტორიული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს.
მედია სააგენტო „24“ დაუკავშირდა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ზურაბ შოთნიაშვილს, რომელმაც უარყო მოსახლეობის ბრალდებები და მას უბრალოდ აგორებული ჭორი უწოდა.
“არ ვიცი, საიდან მოიტანეს რომ აქ მეჩეთი სკოლები და საბავშვო ბაღები უნდა აშენდესო?” – გვითხრა შოთნიაშვილმა.
მისი თქმით, მიწის ნაკვეთი არის ჩვეულებრივი ტყის პირი, ის იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. არ წარმოადგენდა საძოვრის ტიპს, რადგან საძოვარს, კატეგორიული მიზნობრივი დანიშნულება არ ეცვლება. ასევე, უარყოფს ინფორმაციას, რომ ეს ტერიტორია 14 ჰექტარს მოიცავს.
რაც შეეხება, მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებას, მისი თქმით, ამას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის კომისია ახორციელებს.
როგორც შოთნიაშვილმა გვითხრა, მიწის ნაკვეთს ეკონომიკის სამინისტრომ შეუცვალა მიზნობრივი დანიშნულება, გამოიტანა აუქციონზე და გაიყიდა. იყიდა ქართულმა კომპანია „შპს ა პლიუსმა“, რომელმაც ერთობლივი ქართულ-ფრანგული პროექტი წარმოადგინა. სწორედ ამ პროექტის მიხედვით უნდა აეშენებინათ დიდი საცხოვრებელი კომპლექსი, თავის სასტუმროებითა და აუზებით. საბოლოოდ პროექტი ვერ განხორციელდა და ამ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია გაყიდა.
„რა მნიშვნელობა აქვს არაბული კომპანია იყიდის, ფრანგული თუ რუსული? ეს კონსტიტუციით აკრძალული არ არის. აქ არანაირი არაბული სოფლის აშენება არ იგეგმება. მერიამ მშენებლობის ნებართვა 40 ერთეულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე გასცა, რომელიც მაქსიმუმ ერთ ჰექტარს მოიცავს. ამ საცხოვრებელ სახლს კი ნებისმიერი ადამიანი იყიდის, მათ შორის ქართველიც, ფრანგიც, რუსიც და არაბიც. ეს არის წმინდა წყლის ბიზნესი“, – განგვიმარტა კასპის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა და აქეთ დაგვისვა რიტორიკული კითხვა:
– რატომ უნდა შეიზღუდოს ინვესტიციების განხორციელება საქართველოში?
მერიაში ასევე უარყოფენ არაბული სოფლისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მიმდებარედ ქართული სალოცავების და ეკლესიის არსებობას, – მაღალაანთ კოშკებიდანაც საკმაოდ მოშორებულიაო, – გვითხრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
„ამ ეტაპზე, პროექტის მიხედვით სამშენებლო ნებართვა არ არის გაცემული და სამომავლოდ რა იქნება, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის. ჩვენ გვაქვს პროექტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ შენდება ორი ტიპის 40 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი. ჩვენ ამ პროექტზე ვართ პასუხისმგებელნი, სხვა არ ვიცით. ჩვენი პოზიციაა, რომ აქ, არაბული სოფელი, რა თქმა უნდა, არ უნდა აშენდეს“, – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი ზურაბ შოთნიაშვილი.
მერიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ წინა დღით, მერიასთან საპროტესტოდ მისულ მოსახლეობას შეხვდა და განუმარტა, რომ პროექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ.
მედიასააგენტო “24”-მა ფაქტის შეფასება ააიპ “ერი და საზოგადოების” თავმჯდომარე ზვიად ტომარაძეს სთხოვა, რომელიც სხვადასხვა დროს, აქტიურად იყო ჩართული მიწების გასხვისების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შექმნაში.
ტომარაძის თქმით, ეს პრაქტიკა 2015 წელსაც არსებობდა. მაშინ საუბარი იყო უცხოელებზე მიწების წეროვანში, ქანდაში, წილკანში და მცხეთის რაიონის რამდენიმე სოფელში გასხვისებაზე. მაშინ არაბული სოფლების შექმნაზე მიდიოდა საუბარი.
ამბობს, რომ ეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან ჰქონდა ამოღებული და აბსოლუტურად დაზუსტებული იყო.
„კონსტიტუციაში როდესაც ჩაიწერა უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვა, ერთი ხვრელი მაინც დარჩა. ეს ხვრელი მდგომარეობდა შემდეგში: მართალია უცხოელებს აღარ შეეძლოთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენა, მაგრამ ყიდულობდა ქართველი. შემდეგ კი, სასოფლოდან არასასოფლო კატეგორიაზე გადაყვანით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყიდდა“, – განაცხადა ტომარაძემ.
მისივე თქმით, ეს სქემა რომ არ განხორციელებულიყო, 2018 წელს, ნიკოლოზ კიკნაველიძესთან ერთად კანონპროექტი შეიმუშავა, რომელიც კატეგორიის შეცვლის ამ მავნე პრაქტიკას ძალიან ართულებდა. მაშინ კანონპროექტი პარლამენტმა არ განიხილა.
„ახლაც ამ პროცესთან გვაქვს საქმე. აუცილებელია, კანონი გამკაცრდეს და აიკრძალოს მიწის ნაკვეთებისთვის სტატუსების შეცვლა და გადაყიდვა“, – ამბობს ზვიად ტომარაძე.
მისივე თქმით, მაშინ როცა საქართველო თვითკმარი ქვეყანაა, მსოფლიოში კრიზისია მოსალოდნელი და საკმარისი ფართობის მიწები ჩვენ მოსახლეობას არ აქვს, სტატუსის შეცვლას ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა ჰქონდეს.
იმ ფონზე, როცა საქართველოდან ყოველდღიურად გაედინება მოსახლეობა. სწრაფი ტემპით მიდის დემოგრაფიული კლება, ზვიად ტომარაძე მიუღებლად მიიჩნევს ქვეყნის რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებით დასახლებას და იქ სოფლების გაშენებას. ამით შეიცვლება ეთნიკური, რელიგიური და კულტურული ბალანსი. შედეგად, ქართული მოსახლეობა უმცირესობაში აღმოჩნდება.
“ეს ნიშნავს იმას, რომ არაფრის ბატონ-პატრონი აღარ იქნება ქართველი ერი და პირდაპირ დაიწყება სინგაპურიზაცია, რისკენაც მიისწრაფვის ჩვენი სახელმწიფო“, – აცხადებს ზვიად ტომარაძე.
მოამზადა ქეთა მელიქიშვილმა

