სამოთხე დედამიწაზე- თუშეთი თავისი უნიკალურობით გამორჩეული მხარეა

 „მაინცადამაინც სიკვდილს ნუ დაელოდებით, თუ სამოთხის ნახვა გინდათ, ამოდით თუშეთში“, –

უთქვამს ერთხელ ერთ თუშს,  სოსო ბაბუნაიძეს.

 

თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელიც კახეთის მხარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 900- 4800 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ამ მხარეში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლები, ნასოფლარები, ხალხური ხელსაქმის ნიმუშები და ყოფითი კულტურული ნივთები. აქ, გარემომცველ ისტორიულ- კულტურულ ლანდშაფტებთან ერთად, დაცულია ტრადიციები და მოსახლეობის ყოფითი წეს – ჩვეულებები.

ამ მხარეში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება, რომ თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან მოდის. გადმოცემის მიხედვით, მე-4 საუკუნეში თუშეთი გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი მთიელების თავშესაფარი ყოფილა, მე-5 საუკუნიდან იბერიის სამეფოს შემადგენელი ნაწილი გახდა, მე-8 საუკუნეში კი რეგიონში ქრისტიანობა გავრცელდა.

საქართველოს ეს უნიკალური მხარე უძველესი კულტურის ნაშთებს ინახავს. თუშური კოშკები თუშთა თავშესაფარს და სათვალთვალოს წარმოადგენდა, რადგან ჩეჩნებისა და დაღესტნების თავდასხმებისგან თავი დაეღწიათ. კოშკებში აღმოჩენილი ცხოველების ფიგურები  IV-V საუკუნეებით თარიღდება.

თუშეთის სოფლებში – დართლოსა და შენაქოში შემორჩენილია უძველესი დროის სალოცავები. შენაქოს სალოცავში შესვლა ეკრძალებათ ქალებს. აქაური ხატი ქვების პატარა შეკვრაა, რომელსაც ცხოველების რქებითა და სანთლებით ამკობენ. თუშეთში წმინდა გიორგის რამდენიმე სალოცავია. “შავი” გიორგის წმინდა სალოცავს ლაშარი ეწოდება. მის სახელთანაა დაკავშირებული თუშების დღესასწაული ლაშარობა, რომელიც შენაქოსა და ჩიღოში აღდგომიდან დაახლოებით ასი დღის შემდეგ იმართება. ხატობის ამგვარი დღესასწაულები აქაური რელიგიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც თან ახლავს შაირობა.

ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, თუშეთში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. დღეობების პერიოდს (ლაშარობა, კოპალობა, იახსარობა და მაღალოელობა, მარიამ ღვთისმშობლობა, ხახმატობა, კარატობა, სახეოსა და ღელეს წმინდა გიორგობა, თურსიეხობა და სხვა) ათნიგენობებს ეძახიან. თუშები, ამ პერიოდში, მთაში იმყოფებიან და ჯვარ-ხატში გადიან. ყველა დღეობას თავისი მასპინძელი ჰყავს – შულტა, რომლის მოვალეობაში  ალუდის (თუშური ლუდის) მოხარშვა და სტუმრების გამასპინძლება შედის.

თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.

მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.

რაც შეეხება თუშურ სამოსს, ტრადიციული თუში ქალის შავი ფერის თავშალი მუხლებამდე ეშვებოდა და სპეციალურ თავსადგამზე – კუჭურაზე იყო დამაგრებული. ლაბადის მსგავსი სამოსის შიგნით კი კოჭებამდე დაშვებული კაბა,  გულ-მკერდის მხარეს, ვერცხლის სამკაულებითა და ჯაჭვით იყო გაწყობილი. მამაკაცის სამოსი ჩოხა-ახალუხისა და შავი ნაბდის ქუდისგან შედგებოდა. ქალიც და კაციც ქალამნებს, ტყავისა და ნაქსოვ ფეხსაცმელებს, ანუ ჩითებს ატარებდა. მწყემსური მეურნეობა თუშეთის შინა მრეწველობას მატყლის საჭირო მარაგით უზრუნველყოფდა.

ქალები დახელოვნებულნი იყვნენ ქსოვაში, ნაბდისა და თექის თელვაში, მამაკაცები კი ოჯახისთვის საჭირო ავეჯსა და ჭურჭელს ამზადებდნენ. თუშური ავეჯის ორნამენტში ცისკრის ვარსკვლავის სიმბოლო- დახრილგვერდებიანი ფოთლოვანი ჯვარი ფიგურირებს.

თუშური სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაულების განუყოფელი ელემენტია მუსიკა. თუშური სიმღერების სევდიან ტონალობასა და მგზნებარე ქორეოგრაფიულ პლასტიკაში აღბეჭდილია ისტორიის მძიმე ქარტეხილებში გამოვლილი ხალხის სულიერი დრამა და ცხოვრების სიძნელეებისადმი შეუპოვრობა. ტრადიციულ მწყემსურ მუსიკალურ ინსტრუმენტს- სალამურს, მე-19 საუკუნეში შემოსული გარმონი დაემატა.

თუშური ტრადიციული სამზარეულო სამთო ტურიზმის მოყვარულთათვის ძალზედ საინტერესოა. აქაური სამზარეულო თუშეთის მეურნეობისა და ბუნებრივი გარემოს სამ ძირითად პროდუქტს ეფუძნება. პროდუქტების მოხმარების თანაფარდობა კლიმატური ციკლების მიხედვით იცვლება. თუშური სამზარეულოსთვის დამახასიათებელია ადგილობრივი კერძები. მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემა ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდომლოებანი, რომელიც გუდის ყველის სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა, თუშეთი ცნობილია ისეთი კერძებით, როგორიცაა: თუშური ხინკალი, მწვადი, ჩობან-ყაურმა, ხმიადა, გორდილა, ქუმელი, ხმელი კალტი, კოტორი, ხავიწი, მოსმულა, საწება, ხალაწყალი, ალუდა და ჩაი.

უკანასკნელ წლებში, თუშეთში ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ტურისტული მიმართულებები, კერძოდ  სათავგადასავლო ტურიზმისა  და აგროტურიზმის სახეობები. ეტაპობრივად ვითარდება ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები. ასევე, ყოველწლიურად მატულობს ქართველ და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა.

თუშეთი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

 

ლიკა მაჩხანელი

 


პოდკასტი