საოპერო მომღერალი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა

საოპერო მომღერალი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი თენგიზ მუშკუდიანი, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

,,ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში. ვუსამძიმრებთ ბატონი თენგიზის ოჯახს, მის  კოლეგებსა და მუსიკალურ საზოგადოებას“,–ასე გამოეხმაურა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი  საოპერო მომღერლის გარდაცვალებას.

მიდიან ეპოქალური ადამიანები. საქართველომ კიდევ ერთი დიდებული ქართველი დაკარგა, ადამიანი, რომელმაც არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა და ქართული ოპერის ისტორიაში წარუშლელი  კვალი დატოვა.

თენგის მუშკუდიანი  1927 წლის 12  ივნისს დაიბადა. 1951 წელს,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, 1955 წელს კი ვანო სარაჯიშვილის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა.

საოპერო მომღერალი, 1954 წლიდან, უკვე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. სრული დიაპაზონისა და სასიამოვნო ტემბრის მომღერალი, საოცარი არტისტული გარეგნობით გამოირჩეოდა, რაც მის ცხოვრებაში, უდიდესი  წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

კონსერვატორიის პროფესორი, 1985-2005 წლებში, თბილისის I სამუსიკო სასწავლებელის დირექტორი იყო, სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

რაც შეეხება მის სამსახიობო კარიერას, გადაღებულია ფილმებში ,,აბეზარა“ და ,,დიდოსტატის მარჯვენა“. იმ დროისთვის, როცა რეჟისორმა ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმში ,,აბეზარა“ მთავარ როლზე დაამტკიცა, უკვე წარმატებული საოპერო მომღერალი იყო და უამრავ კონცერტში იღებდა მონაწილეობას. სწორედ აქ აღმოაჩინა რეჟისორმა თენგიზ მუშკუდიანი. მაშინ ცოტამ თუ იცოდა, რომ იგი სულაც არ იყო მსახიობი. როგორც თავად ამბობდა, არქიტექტორ გიორგი მუხაძის როლი მისთვის დიდი გამოწვევვა იყო.

,,აბეზარას“ შემდეგ, უამრავი მიწვევა მიიღო, თუმცა ყოველთვის უარს ამბობდა, რადგან მისთვის საოპერო თეატრი ბევრად მნიშვნელოვანი იყო. ,,დიდოსტატის მარჯვენას“ მაინც დათანხმდა. ფილმის რეჟისორთან, ვახტანგ ტაბლიაშვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და უარი ვეღარ თქვა.  საოპერო მომღერალმა ჭიაბერის როლი მოირგო და იმედები არც ამჯერად გაუცრუებია.

2016 წლის 14 ივლისს, თენგიზ მუშკუდიანს ოპერის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნენ. საზეიმო ღონისძიება მისი აღზრდილების გალა კონცერტით დასრულდა.

12 ივნისს, უკანასკნელი დაბადების დღე ოჯახთან ერთად აღნიშნა. 96 წელი იცხოვრა და, ამ წლების განმავლობაში, ცდილობდა შეცდომა არსად დაეშვა. უყვარდა ყველას, როგორც კოლეგებს, ასევე თავის მოსწავლეებს. რამდენიმე დღეში, თითოეული მათგანი და სრულიად საქართველო, კიდევ ერთ  ღირსეულ ქართველს, თენგიზ მუშკუდიანს, უკანასკნელ გზაზე გააცილებს.

 

ლიკა მაჩხანელი


„დიდოსტატი არსენ ფოჩხუა“ ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში

ნათელა ურუშაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

გორში, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა

შვეიცარიაში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

17 სექტემბრიდან, 31-ე მუსიკალური ფესტივალი ,,შემოდგომის თბილისი” იწყება

პოდკასტი