,,ჰიდრავლოსიდან“ გიგანტურ ინსტრუმენტამდე- ორგანის ევოლუცია მუსიკალურ სამყაროში
ორგანს, როგორც წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობებისა და გიგანტური მასშტაბების მქონე საკრავს, მუსიკალურ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უკავია. საკრავმა, მრავალი საუკუნის განმავლობაში, საგრძნობი ევოლუცია განიცადა და არნახულ ტექნიკურ განვითარებას მიაღწია.
ერთ- ერთი ყველაზე გასაოცარი კონსტრუქციისა და უნიკალური ჟღერადობის მქონე კლავიშიანი სასულე მუსიკალური საკრავის-ორგანის წინამორბედად, წყალზე მომუშავე ,,ჰიდრავლოსია“ მიჩნეული. ,,ჰიდრავლოსი“ ალექსანდრიაში მოღვაწე ცნობილი ბერძენი გამომგონებლისა და მექანიკოსის , ალექსანდრიის მუზეუმის პირველი ხელმძღვანელის ქტესიბიოსის მიერ, ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით III საუკუნეში იქნა გამოგონებული. დიდი გაბარიტების შემცველი ორგანი პირველად IV საუკუნეში გამოჩნდა, ხოლო უფრო დახვეწილი კონსტრუქციის მქონე ორგანი კი VII-VIII საუკუნეებში. ქრისტიანულ ტაძრებში საკრავის განთავსების იდეა რომის პაპს, ვიტალიანეს ეკუთვნის. სწორედ მისი უშუალო ინიციატივით იქნა დაწყებული სპეციალური საეკლესიო ორგანების წარმოება, რომლის ცენტრადაც, თავის დროზე, ბიზანტიის იმპერია იქცა. პირველად საეკლესიო ორგანი ქრისტიანულ ტაძარში VII საუკუნეში იქნა აჟღერებული.
ორგანების სამშენებლო ხელოვნება იტალიაში განვითარდა, საიდანაც, მე-9 საუკუნეში, საფრანგეთში გავრცელდა. მოგვიანებით, ეს ხელოვნება გერმანიაშიც დამკვიდრდა. მე-14 საუკუნეში, საკრავი მთელი დასავლეთ ევროპის მასშტაბით გახდა ცნობილი.
გვიანდელი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდში, დასავლეთ ევროპაში, საორგანო მშენებლობამ არნახულ შედეგს მიაღწია. იტალიაში, XVII- XVIII საუკუნეებში, ყველაზე ცნობილი ორგანების შემქმნელთა დინასტია ,,Graziadio Anteniati“ იყო. დაახლოებით 150 ორგანი შექმნა და რეკონსტრუქცია მოახდინა ლეგენდარულმა ორგანების ოსტატმა არპ შნიტჯერმა ( 1648-1719 წწ), რომელიც, ძირითადად, ჩრდილოეთ გერმანიასა და ნიდერლანდებში მუშაობდა.
კომპოზიტორები, რომლებიც წარმატებით წერდნენ ორგანისთვის, ინსტრუმენტის შეფასებისას, ხშირად ხდებოდნენ კონსულტანტები. იგივე ფუნქცია შეასრულეს მუსიკის თეორეტიკოსებმაც, ზოგიერთი მათგანი კი, ახალი ან აღდგენილი ინსტრუმენტის ,,მიღებისას“, ოფიციალური ექსპერტის ფუნქციასაც ასრულებდა.
მე-19 საუკუნეში, ორგანების უდიდესმა ფრანგმა ოსტატმა არისტიდ კავაია ქოლმა ისეთი მასშტაბის ორგანები შექმნა, რომელთაც, მათი სიმფონიური ორკესტრის ხმოვანების მსგავსი ჟღერადობის გამო, სიმფონიურ ორგანებს უწოდებენ. ორგანი, განსაკუთრებული სწრაფი ტემპით, XX საუკუნეში განვითარდა. თავისი ისტორიის მანძილზე, ინსტუმენტმა სწორედ ამ პერიოდში განიცადა ყველაზე დიდი ცვლილებები.
ორგანებში ყველაზე გავცელებული მექანიკური, პნევმატური, მექანიკურ-პნევმატური და ელექტრო სისტემებია.
ჩვენს ქვეყანაში საკონცერტო ორგანები რამდენიმე ადგილას გვხვდება. თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის ორგანი, 1963 წელს, ცნობილი გერმანელი ოსტატის, ალექსანდერ შუკეს მიერ აიგო. ინსტრუმენტი, იმ დროისთვის, საქართველოს ერთადერთი მექანიკური ტიპის საკონცერტო ორგანი იყო.
თბილისის ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში კი თანამედროვე ციფრული სქემის ელექტრო ორგანი დგას, რომელიც გერმანული ფირმის ,,Kienle”-სა და ჰოლანდიური ფირმის ,,Content”-ის ჰიბრიდს წარმოადგენს.
ორგანთა მშენებლობის ტექნიკა დღესაც ინტენსიურად ვითარდება და იხვეწება. ეს დაკავშირებულია როგორც ახალი ინსტრუმენტის შექმნასთან, ასევე გასული საუკუნეების გიგანტური ზომის ინსტრუმენტებში ახალი ტექნიკის დანერგვასთან, რაც ამ საკრავის შესაძლებლობას განუზომლად ზრდის.
ლიკა მაჩხანელი