4 ივლისი ,,მარადიული ჭაბუკის” დღეა

გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, გურამ რჩეულიშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა დაწერა, სახელწოდებით ,,მე ახლა ოცდახუთი წლის ვარ“., სადაც მწერალი წერდა: ,,ჯერ ჩემი სიკვდილი შორს იყო, სიცოცხლე მინდოდაო…“

მას შემდეგ, მხოლო ერთი წელი იცხოვრა. ამ მცირე პერიოდში ადამიანების გულში და მკითხველში წარუშლელი კვალი დატოვა. ბუნებით მოუსვენარი გურამ რჩეულიშვილი ძლიერი, ერთგული, მოსიყვარულე და თბილი ადამიანი ყოფილა. მეგობრები მას რჩეულას ეძახდნენ. უზღვავი ენერგია ჰქონდა.  ცხენზე ჯირითი, მთამსვლელობა, კრივი, კალათბურთი და ცურვა განსაკუთრებულად უყვარდა. მწერლობაში კი ასაკსაც გაუსწრო და დროსაც.

,,მაღალმხატვრულად წერდა უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებზე, თავისი და მეგობრების ბობოქარ ცხოვრებაზე, პერსონაჟებიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით, ხშირად სახელებსაც არ ცვლიდა და ეს უშუალობა მკითხველებს მაშინაც ხიბლავდა და დღესაც. თამაზ ჭილაძემ ჯერ კიდევ 1969 წელს დაწერა, რომ გურამს აქვს მოთხრობები, მსოფლიოს ნებისმიერ ანთოლოგიას რომ დაამშვენებდაო“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი, პუბლიცისტი, მისი ბავშვობის მეგობარი და პირველი ბიოგრაფი ნუგზარ წერეთელი.

თავად გურამ რჩეულიშვილი საკუთარ თავს კი ასე ახასიათებდა: ,,მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ და როგორც დედა იტყვის, “სტუდენტის სახე” არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს – მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ – დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ, საყვარელი არა მყავს. ეს ამბავი სპარსული ბაიათების გავლენით კი არ არის დაწერილი, არამედ ფაქტია ჯერჯერობით და მერ-მერობითაც. უშნო არა ვარ – ჩემი სილამაზე თვალს არავისა სჭრის, კარგი ტანი მაქვს, ფეხები ცოტა მოღუნული. ერთი სიტყვით, რაცა ვარ, ეგა ვარ”.

გურამ რჩეულიშვილი, 1934 წლის 4 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1957 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. მისი პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ამავე წელს, ჟურნალ  ,,ცისკარში“გამოქვეყნდა. სამწერლობო ასპარეზზე მხოლოდ ოთხი წელი იღვაწა. მის სიცოცხლეში შვიდი  მოთხრობა გამოქვეყნდა. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“, მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს  გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ თავიდანვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილითა და სიზუსტით. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები, მინიატურები, პიესა) ქართული პროზის განვითარებას დიდი კვალი დაამჩნია. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე.

გენიოსი ადამიანი იყოო, ასე იგონებენ ახალგარდა მწერალს. მრავალი მწერალი და პოეტი გურამ რჩეულიშვილს დიდ შემოქმედად მოიხსენიებდა. მის ერთ-ერთ იუბილეზე რევაზ ინანიშვილს, სხვა მწერლების თანდასწრებით უთქვამს,  რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემდეგ, გურამ რჩეულიშვილისნაირი დიდი პიროვნება არ დაბადებულაო.

,,ის პირველი შეხვედრისთანავე იწვევდა ინტერესს. თითქოს დაჟინებით მოითხოვდა ყურადღებას თავისი პიროვნებისადმი. როგორც ამბობენ, ახლო მეგობრებს იგი გამორჩევით უყვარდათ და ხშირად უთმობდნენ, მისი ძლიერი ხასიათის უჩვეულო გამოვლინებებს.

გურამ რჩეულიშვილის ყოველ მოთხრობაში იგრძნობა ეს ძლიერი ხასიათი. თვით საოცრად გულითადი და მსუბუქი განწყობილებით დაწერილი „ბიძია კოტეს შემოდგომაც“ თითქოს იგულისხმება ეს ჯანმრთელი და ყოვლისშემძლე ძალა სიჭაბუკისა, ნაღვლიანი თანაგრძნობით რომ ეალერსება ძვირფას ადამიანს, მიმწუხრის ჟამს.

ხასიათის სიძლიერით არის აღბეჭდილი გურამ რჩეულიშვილის პერსონაჟების ბუნება, მისი ნოველების შინაგანი რიტმი, თვით მისი მწერლური დაკვირვების უაღრესად განვითარებული უნარი”,-ასე ახასიათებდა ქართველი ლიტერატურათმცოდნე გურამ ასათიანი გურამ რჩეულიშვილს.

მწერალი ნუგზარ წერეთელი და გურამ რჩეულიშვილი ბავშვობიდან მეგობრობდნენ. მათი ცხოვრება სავსე იყო არაერთი საინტერესო მომენტებით. ნუგზარ წერეთელი მეგობრის დაკარგვას დღემდე ვერ ეგუება. ხშირად იხსენებს წარსულს და მასთან ერთად გატარებულ პერიოდს. განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთი. მწერალი ერლომ ახვლედიანი ამბობდა კიდევაც, რომ ჩემზე მეტად ნუგზარი უყვარდაო. სწორედ ნუგზარ წერეთლის დიდი დამსახურებაა, რომ გურამ რჩეულიშვილის ცხოვრების შესახებ ბევრმა საინტერესო ისტორიამ ჩვენამდე მოაღწია.

,, გურამ რჩეულიშვილი საოცარი ვაჟკაცი,  უაღრესად კეთილშობილი, ალერსიანი იყო ბუნებით.
ერთხელ მშობლებმა დიდი ხნის ნანატრი “ბათინკებისთვის“ 30 მანეთი მისცეს. საყიდლად ერთად წავედით. გზად შვილებთან ერთად საცოდავად ჩამომჯდარი ქალი შეგვხვდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. გურამი შეყოვნდა, დაფიქრდა და ის 30 მანეთი (იმ დროისთვის დიდი ფული) მას მისცა. ქალი გაოცებული თვალებით უყურებდა და, ალბათ, ლოცავდა თავის გადამრჩენს. ამის შემდეგ, კიდევ ორი წელი დადიოდა გურამი დახეული “ბათინკებით“.
მას ყოველთვის ყველასგან გამორჩეულად ეცვა. მახსოვს 1952 წლის 1 სექტემბერი, სწავლის დაწყების პირველი დღე. ჩვენ ჩვეულებრივად გვეცვა, თეთრი პერანგები და შარვლები, გურამი კი შუაწელამდე გახსნილი პერანგით, ფართო ხალათით, რუხი ფერის შარვლითა და “ბათინკებით“ მოვიდა. ჩვენ მხოლოდ რვა წელი გავატარეთ ერთად და ეს წლები ჩემთვის უძვირფასესია”,-იხსენებს ნუგზარ წერეთელი.

გურამ რჩეულიშვილის სულიერ ძმად მოიხსენიებდნენ მწერალ ერლომ ახვლედიანს.  როგორც ერლომ ახვლედიანის მოგონებებიდან ვიგებთ, მწერალი გარკვეული პერიოდი მასთან ცხოვრობდა. მას ყოველთვის ჰქონდა განცდა, რომ გურამთან ახლოს ყოფილიყო. როგორც დედა, ისე ვეძებდი ხოლმეო, ამბობდა იგი და თან დაამატებდა, ასეთი კაცი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრიაო.

,, მამაჩემსა და ბიძაჩემს ძალიან უყვარდათ. ისინი რომ საუბრობდნენ, გურამი სულ ჩუმად იყო. მეკითხებოდნენ, ეს ბიჭი მუნჯი ხომ არ არისო? ის კი გულიანად იცინოდა ამის მოსმენისას.

გურამი ტყუილად არაფერს არ წერდა. არასდროს არ მინახავს მაგიდასთან მჯდომი. სულ დადიოდა, ხან მთაში, ხან ზღვაზე… მიკვირს საიდან მოაგროვა ამდენი, თითქოს სიკვდილის შემდეგაც გააგრძელა წერა. ფენომენალური პიროვნება იყო. წერდა ისეთ რამეებს, რაც ცხოვრებისეულ გამოცდილებას უნდა ესწავლებინა. გამოცდილებაზე მეტად მისი მოთხრობები მწერლური წვდომის შედეგი იყო. იმ პერიოდში ყველაზე უკეთ გიორგი შატბერაშვილმა შეიცნო გურამი”,- ამბობდა ერლომ ახვლედიანი.

უყვარდა მოგზაურობა, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებოდა. ბოლო პერიოდში, ზღვა უფრო შეჰყვარებია, იქ უფრო ახერხებდა წერას. საბოლოოდ მისი სიცოცხლე ზღვის უზარმაზარმა ტალღებმა შეიწირეს. გურამ რჩეულიშვილი, 1960 წლის 23 აგვისტოს, 26 წლის ასაკში, ქალაქ გაგრაში, ტრაგიკულად  დაიღუპა. მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი  ადამიანების გადასარჩენად.

როგორც მისი უახლოესი მეგობარი  ნუგზარ წერეთელი ამბობს, მისი გარდაცვალება უფრო გენიოსის ხვედრი იყო.

,,იგი ისეთი ამქვეყნიური და სხვანაირი ადამიანი იყო, ალბათ, დიდხანს ვერც იცოცხლებდა. სიკვდილის საშინელი წინათგრძნობა ჰქონდა. ცდილობდა, ყველაფერი მოესწრო. ერთ-ერთ მოთხრობაში ამბობს: ჩემი წინათგრძნობა თუ არ გამართლდა, ძალიან დამწყდება გულიო.

მან ოთხ წელიწადში ექვსი ტომის მასალა დაგვიტოვა. გურამმა ოთხ წელიწადში იმდენი შეძლო, რასაც სხვა მწერალი ას წელიწადშიც ვერ გააკეთებდა“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ნუგზარ წერეთელი.

გურამ რჩეულიშვილს, გარდაცვალებამდე დედისთვის წერილი მიუწერია.

,,…მაგრამ, ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

გეფიცები, დედა, დედას გეფიცები, რომ მე ალბათ ღმერთის სამსჯავროს წინაც არ გავიმართლებდი ასე მხურვალედ თავს; თვითონ იცი, რომ როცა ჩემზე ცუდს ამბობენ, მე სიტყვით მხოლოდ ვუორკეცებ ხოლმე მთქმელს თავის აზრს, რადგან ზიზღს იწვევს ჩემში ყოველგვარი თავის მართლება;

და, მე თუ თავს ვიმართლებ, პატიებას ვთხოვ საკუთარ დედას, მხოლოდ იმიტომ, რომ უზომოდ მიყვარს ის; თუ სიყვარულის დათვლა შეიძლება, ასე დავითვლი: იმაზე ათასჯერ ძალიან მიყვარს, რამდენი უსიამოვნებაც მიმიყენებია მისთვის.

კარგად იყავი, ჩემო დედა.

გწამდეს ჩემი.

როგორმე მოუარე ნერვებს ასეთ პირობებში.

თუმცა, ძალიან ძნელია თითოეული კალმის მოსმა ჩემთვის ამ სიყალბისა და თვალთმაქცების ხელში, მაგრამ შედეგი ორმაგად ძვირფასი იქნება და ყველაზე პირველმა მინდა, რომ შენ გაიგო ეს. მთელი ღამე ვერ დავიძინე და დილით საშინელი თავის ტკივილით ავდექი, როცა მამასგან შენი ავად გახდომის ამბავი გავიგე’’.

ეს მისი უკანასკნელი წერილი იყო დედასთან მიწერილი. მარადიულმა ჭაბუკმა, წერილის დაწერიდან 4 დღეში,იმიერ ცხოვრებაში გადაინაცვლა. ბუნებით ბობოქარი ადამიანი ბობოქარმა ტალღებმა იმსხვერპლა. აკი, ამბობდა კიდევაც, რომ არ დავბერდებიო. დღეს გურამ რჩეულიშვილს დაბადებიდან 89 წელი შესრულდა.

 

ლიკა მაჩხანელი